ახალი ამბები

ნატოსა და ასპირანტი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები ჩიკაგოს სამიტზე შეხვედრას გამართავენ

ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრები ჩიკაგოს დაგეგმილი სამიტის ფარგლებში „ასპირანტი ქვეყნებიდან“ თავიანთ კოლეგებს შეხვდებიან, რათა დაადასტურონ, რომ ალიანსი კვლავ ღია კარის პოლიტიკის ერთგული რჩება იმის მიუხედავად, რომ ამ სამიტზე გაფართოება არ მოხდება, განაცხადა აშშ–ის სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალი რანგის წარმომადგენელმა 10 მაისს.

ბოსნია და ჰერცეგოვინა, საქართველო, მაკედონია და მონტენეგრო ის ოთხი ქვეყანაა, რომელთაც ნატო „ასპირანტ ქვეყნებად“ მოიხსენიებს.

„ეს არ არის გაფართოების სამიტი, მაგრამ არც ის სამიტია, რომელიც არ დაუჭერს მხარს გაფართოებას. არც ერთი ქვეყანა მზად არ არის ალიანსში გაწევრიანებისთვის ამ სამიტზე…. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ არ ვაკეთებთ აქცენტს გაფართოებაზე“, – განაცხადა აშშ–ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ფილიპ გორდონმა სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე, რომელიც ჩიკაგოს მოახლოებულ სამიტს განიხილავდა.

„ერთ–ერთი საშუალება, რითაც ამ გზავნილს გავაკეთებთ, არის ის, რომ სახელმწიფო მდივანი კლინტონი, ნატოს სხვა საგარეო საქმეთა მინისტრებთან ერთად, მონაწილეობას მიიღებს შეხვედრაში ოთხ ასპირანტ ქვეყანასთან, რათა განსაკუთრებულად აღიაროს ისინი, აღნიშნოს, რომ კარი ღია რჩება და რომ პროცესი წინ მიდის; და ჩვენ ველით, რომ [სამიტის საბოლოო] კომუნიკეშიც აისახება ჩვენი ძლიერი მხარდაჭერა ზოგადად გაფართოების მიმართ და კერძოდ, ამ ოთხი ასპირანტი ქვეყნისადმი“, – განაცხადა გორდონმა.

ეს განცხადება ამერიკელმა დიპლომატმა მას შემდეგ გააკეთა, რაც დემოკრატმა სენატორმა ბენ კარდინმა განუცხადა მას, რომ თავად ის ფაქტი, რომ ჩიკაგოს სამიტი არ არის „გაფართოების სამიტი“, ხომ არ აღიქმება ისე, თითქოსდა „ჩვენ ვანელებდეთ“ გაფართოების პროცესს. მან მოუწოდა აშშ–ის ადმინისტრაციას ძლიერი სიგნალი გაუგზავნოს ასპირანტ ქვეყნებს იმის შესახებ, რომ მართალია ამჯერად გაფართოების გადაწყვეტილება არ იქნება მიღებული, მაგრამ იქნება ნათელი გზა, რომელიც ნატოს გაფართოებამდე მივა.

„ჩვენი მიზანი და ვალდებულებაა ვუზრუნველყოთ, რომ ეს სამიტი დადებით სიგნალს გააგზავნის ამ მიმართულებით“, – უპასუხა გორდონმა.

„გულწრფელად გეტყვით, რომ ნატოს ყველა წევრი არ ეკიდება ენთუზიაზმით გაფართოების პროცესს და ზოგჯერ დარწმუნებაა საჭირო იმის უზრუნველსაყოფად, რომ დადებითი სიგნალი გაიგზავნოს“, – დასძინა მან.

იმავდროულად, 11 მაისს ნატოს გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა განაცხადა პრესკონფერენციაზე, რომ ალიანსმა ჩიკაგოს სამიტზე 13 პარტნიორი ქვეყნის წარმომადგენლები მიიწვია, რათა აღიარებულ იქნას ამ სახელმწიფოების მიერ ნატოს ოპერაციებში შეტანილი „მნიშვნელოვანი წვლილი“.

„ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრები ასევე შეხვდებიან თავიანთ კოლეგებს ბოსნიიდან და ჰერცეგოვინადან, საქართველოდან, მონტენეგროდან და იუგოსლავიის ყოფილი რესპუბლიკა მაკედონიიდან სამიტის დღის წესრიგში არსებული მთელი რიგი საკითხების განსახილველად“, – განაცხადა რასმუსენმა.

Back to top button