
პუტინი სეპარატისტ ლიდერებს შეხვდება
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი სოჭში სეპარატისტული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ლიდერებს შეხვდება, იტყობინება კრემლი.
აფხაზეთის ლიდერთან ალექსანდრე ანქვაბთან შეხვედრას პუტინი, რომლის ინაუგურაციაც მესამე ვადით პრეზიდენტად არჩევის შემდეგ 7 მაისს შედგა, დღეს სოჭში გამართავს.
ასევე სოჭში იგეგმება 12 მაისს მისი შეხვედრა სეპარატისტული სამხრეთ ოსეთის ლიდერთან ლეონიდ თიბილოვთან, რომელიც არჩევის შემდეგ პირველი სამუშაო ვიზიტით ეწვევა რუსეთს.
ამ შეხვედრებს წინ უძღვის მოსკოვის ბრალდებები თბილისის მისამართით სოჭში ტერორისტული აქტების განხორციელების მცდელობის საქმეში ჩეჩენ მებრძოლთან, დოკუ უმაროვთან კავშირზე. რუსეთმა 10 მაისს განაცხადა, რომ აფხაზეთში ტერაქტების მოწყობისთვის განკუთვნილი დიდი რაოდენობით იარაღის სამალავები აღმოაჩინა. თბილისის თქმით, ეს "აბსურდული" ბრალდებები რეგიონში ვითარების ესკალაციას ისახავს მიზნად.