ახალი ამბები

თბილისი მოსკოვის ბრალდებებს „აბსურდულს“ უწოდებს

თბილისი აცხადებს, რომ რუსეთის ბრალდებები საქართველოს სპეცსამსახურების კავშირზე შესაძლო ტერაქტებთან, „აბსურდულია“ და მათ საერთო არაფერი აქვთ რეალობასთან. 

რუსეთმა განაცხადა 10 მაისს, რომ სეპარატისტულ აფხაზეთში დიდი რაოდენობით იარაღის სამალავები აღმოაჩინა, რომლითაც სოჭში ზამთრის ოლიმპიურ თამაშებთან დაკავშირებით ტერორისტული აქტების მოწყობა იგეგმებოდა.  მოსკოვის თქმით, იარაღი აფხაზეთში „ქართულ სპეცსამსახურებთან ახლო კავშირების მქონე“ ჩეჩენი მეამბოხეების ლიდერმა, დოკუ უმაროვმა შეიტანა.

„ეს არის ყოვლად აბსურდული განცხადება, რომელიც არის სრულიად დაუსაბუთებელი, არაფერი საერთო არ აქვს რეალობასთან,“– განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ სერგი კაპანაძემ.

„ეს არის გაგრძელება იმ ტრადიციული პროპაგანდის, რომელიც რუსეთს უკანასკნელი წლების განმავლობაში ახასიათებს, სადაც ისინი ბრალს დებენ საქართველოს კავშირს სხვადასხვა ტერორისტებთან, ე.წ. ტერორისტებთან, მაგრამ ყოველთვის უარზე არიან, რომ რამე დამადასტურებელი მასალა ან საბუთები იქნას წარმოდგენილი ამასთან დაკავშირებით“, – აღნიშნა მან. 

მინისტრის მოადგილის თქმით, ბოლო ორი წლის მანძილზე  „15–ზე მეტი ტერორისტული აქტის მცდელობა იყო საქართველოს ტერიტორიაზე ოკუპირებული ტერიტორიებიდან“, მაგრამ „განსხვავებით რუსეთისგან, ამ ტერორისტულ აქტებზე ჩვენ მუდმივად ვაწვდით ინფორმაციას რუსულ მხარეს“. 

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ჩრდილოეთ კავკასიაში ისლამისტ მეამბოხეებთან თბილისის კავშირების შესახებ რუსეთის წინა ბრალდებების მსგავსად, ეს ბოლო ბრალდებაც „ყოველგვარ საფუძველს არის მოკლებული“.

„აღნიშნული განცხადებით რუსეთის ხელისუფლება ცდილობს შეცდომაში შეიყვანოს საერთაშორისო თანამეგობრობა და მოახდინოს დაძაბულობის ესკალაცია რეგიონში“, – განაცხადა შსს–მ.

სამინისტროს თქმით, „უკანასკნელ პერიოდში სწორედ რუსული სპეცსამსახურების მიერ, ადგილი ჰქონდა საქართველოს ტერიტორიაზე არაერთი ტერორისტული და დივერსიული აქტის განხორციელების მცდელობას, რომელთა უმეტესობაც წარმატებით იქნა აღკვეთილი“. ქართველმა სამართალდამცავებმა განაცხადეს, რომ სულ ბოლო ტერორისტული აქტის მცდელობა ზუგდიდში პროკურატურის შენობის წინ აღკვეთეს, რომლის განხორციელებაც სეპარატისტული აფხაზეთიდან შემოტანილი ასაფეთქებელი მოწყობილობით იგეგმებდა.

„შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს რუსეთის ხელისუფლებას თავი შეიკავოს პროვოკაციული განცხადებებისგან და შესაბამისი დახმარება აღმოუჩინოს საქართველოს სამართალდამცავ უწყებებს ტერორისტული აქტების გამოძიებაში“, – ნათქვამია შსს–ს განცხადებაში.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ ასევე გაავრცელა წერილობითი განცხადება 10 მაისს, რომელშიც აცხადებს, რომ რუსეთმა ვერც ერთხელ ვერ წარმოადგინა თავისი ბრალდებების დამადასტურებელი, თუნდაც ერთი დამაჯერებელი მტკიცებულება.

„ნიშანდობლივია, რომ რუსეთის მხარეს ეს, ან მსგავსი თემა არასოდეს დაუყენებია ჟენევის მოლაპარაკებებზე, სადაც განიხილება ასეთი საკითხები“, – ნათქვამია განცხადებაში, „რუსეთის მხრიდან მოლაპარაკების ფორუმის არგამოყენება კარგი დამადასტურებელია იმისა, რომ არც ერთი ბრალდება არ ეყრდნობა კონკრეტულ ფაქტებს და მხოლოდ კრემლის ანტიქართული პროპაგანდის ნაწილს წარმოადგენს“.

სამინისტრომ ასევე განაცხადა, რომ რუსეთისგან განსხვავებით, ქართველ მომლაპარაკებლებს არაერთხელ დაუყენებიათ საკითხი საქართველოს ტერიტორიაზე ტერორისტული აქტების დაგეგმვაში რუსული სამხედრო დაზვერვის როლის შესახებ. თბილისმა ასევე გადასცა რუსეთის მხარეს მასალები კონკრეტული მტკიცებულებებით და რამდენჯერმე შესთავაზა მოსკოვს თანამშრომლობა გამოძიებაში.

„თუმცა რუსეთს არასოდეს გამოუხატავს დაინტერესება ასეთი თანამშრომლობით“, – ნათქვამია საგარეო უწყების განცხადებაში.

„როგორც სამწუხარო გამოცდილება გვიჩვენებს, მნიშვნელოვანია საერთაშორისო თანამეგობრობის ადეკვატური რეაქცია მსგავს ინსინუაციებზე, რათა აღკვეთილ იქნას რუსეთის ნებისმიერი მცდელობა განახორციელოს დესტრუქციული ქმედებები საქართველოში და გამოიწვიოს დესტაბილიზაცია კავკასიასა და მთლიანად შავი ზღვის რეგიონში“, – ნათქვამია განცხადებაში.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button