ახალი ამბები

ივანიშვილის თქმით, საკონსტიტუციო ცვლილება მასზე ვერ გავრცელდება

ოპოზიციური კოალიციის „ქართული ოცნების“ ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ ის ვერ აკმაყოფილებს ბოლო 10 წელი საქართველოში ცხოვრების ცენზს, რასაც საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი ითვალისწინებს, ვინაიდან საქართველოში მუდმივად 2004 წლიდან ცხოვრობს.

„ბოლო 10 წელი, მე მგონი, არ გამოდის, დაახლოებით, 2004 წლიდან მუდმივად ვარ საქართველოში“, – განუცხადა მან 9 მაისს ჟურნალისტებს ვაკის პარკში, სადაც მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს ფაშიზმზე გამარჯვებიდან 67 წლისთავი მიულოცა.

„2004 წლიდან ჩამოვედი და 2005 წლიდან გადასახადებს ვიხდი, როგორც მე მახსოვს ზუსტად“, – აღნიშნა მან იმავე თემის კომენტირებისას.

8 მაისს პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო ცვლილებები, რომელიც მიზნად ისახავს ივანიშვილისთვის 2012 წლის საპარლამენტო და 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის უფლების მიცემას საქართველოს მოქალაქეობის მიღების საჭიროების გარეშე. ინიციატივის თანახმად, ასეთი უფლება ექნება საქართველოში დაბადებულ ევროკავშირის წევრი ქვეყნის მოქალაქეს, რომელიც ბოლო 10 წელი მუდმივად ცხოვრობს საქართველოში.

მმართველი პარტიიდან დეპუტატ პავლე კუბლაშვილის განცხადებით, მეორე მოსმენისთვის გადაიხედება 10–წლიან ცენზთან დაკავშირებული ფორმულირება, რათა დასრულდეს „სპეკულაციები“, რომ ბიძინა ივანიშვილს რაიმე უფლება ეზღუდება. თუ კონკრეტულად რამდენით შემცირდება ეს ცენზი, მისი თქმით, მსჯელობის საგანი გახდება.

„ჩვენი ინფორმაციით, ბიძინა ივანიშვილი საქართველოში 2001 წლიდან ცხოვრობს, მაგრამ თუ რამე პრობლემაა ამასთან დაკავშირებით, კარგია რომ ეს საკითხი დროულად გაჟღერდა, რათა შემდგომში მსხვერპლის როლში არ წარმოეჩინა თავი“, – განუცხადა კუბლაშვილმა Civil.ge-ს 9 მაისს.

„არანაირი შეზღუდვა ბიძინა ივანიშვილს არცერთ პოლიტიკურ უფლებასთან დაკავშირებით არ ექნება“, – დასძინა მან და ასევე არ გამორიცხა ამ მიზნით ცვლილებების იმ კანონებში შეტანა, რომლებიც პოლიტიკურ უფლებებს არეგულირებს.  

9 მაისს ივანიშვილმა ასევე განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილს ჰგონია, რომ „სახეს ინარჩუნებს ამ მაქინაციებით, რასაც ახლა აკეთებენ პარლამენტში“.

„იმის ნაცვლად, რომ მას კანონი არ დაერღვია პირველად, როდესაც მოქალაქეობა ჩამომართვა, შემდგომ მას საშუალება ჰქონდა აღედგინა კანონიერება, რომელიც მან დაარღვია – ვერც ერთი გაბედა და ვერც მეორე გაბედა, სანაცვლოდ ამის, ისევ შეურაცხყოფას აყენებს კონსტიტუციას, ისევ ქმნის პრეცედენტებს, რომელიც მსოფლიოში არ არსებობს“, – განაცხადა ივანიშვილმა.

Back to top button