
პარლამენტმა პარტიების შესახებ სადავო კანონში ცვლილებები დაამტკიცა
პარლამენტმა დღეს მესამე და საბოლოო მოსმენით უყარა კენჭში პარტიების შესახებ კანონში ცვლილებების მიღებას, რომელზეც თებერვლიდან მიმდინარე კონსულტაციების შედეგად მმართველი პარტიის დეპუტატები და სამოქალაქო კამპანიის „ეს შენ გეხება“ წარმომადგენელი ორგანიზაციები შეთანხმდნენ.
- პარლამენტმა პარტიების შესახებ კანონში ცვლილებები მეორე მოსმენით მიიღო
- პარტიების კანონში ცვლილებები პირველი მოსმენით მიღებულია
მესამე მოსმენისთვის, კანონპროექტს დაემატა დებულება, რომ პარტიის შემოწირულობად ჩაითვლება მის მიერ აღებული შეღავათიანი კრედიტები.
ცვლილებების თანახმად, კანონში აღარ იარსებებს პარტიასთან პირდაპირ ან არაპირდაპირ დაკავშირებული პირის დეფინიცია, რაც მნიშვნელოვნად შეავიწროვებს იმ პირთა წრეს, ვისზეც პარტიებისთვის დაწესებული შეზღუდვები შეიძლება გავრცელდეს. კერძოდ, ასეთ შეზღუდვებს შეიძლება დაექვემდებარონ პირები, რომლებსაც გააჩნიათ საარჩევნო მიზნები და ამ მიზნით გაწევენ ხარჯებს. ამ გარემოების შესახებ მხოლოდ „დასაბუთებული ვარაუდის“ არსებობის შემთხვევაში შეძლებს კონტროლის პალატა ამ პირებისგან გამოითხოვოს ფინანსური ანგარიში და დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში დააკისროს ჯარიმა ხუთმაგი ოდენობით, ნაცვლად დღეს მოქმედი ათმაგი ოდენობისა. ასევე სიახლეა ის, რომ კონტროლის პალატის გადაწყვეტილებებს, მათ შორის ყადაღის დადების თაობაზე, სასამართლო იხილავს და ადასტურებს.