ახალი ამბები

თბილისი საფრანგეთის ახლადარჩეულ პრეზიდენტთან „წარმატებულ“ თანამშრომლობას იმედოვნებს

საქართველო იმედს გამოთქვამს, რომ საფრანგეთის ახლადარჩეული პრეზიდენტის, ფრანსუა ოლანდის მმართველობის პერიოდში  პარიზთან თანამშრომლობა „წარმატებული“ იქნება, განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნიკოლოზ ვაშაკიძემ.

6 მაისს სოციალისტმა ფრანსუა ოლანდმა საფრანგეთის მოქმედი პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი არჩევნების მეორე ტურში დაამარცხა. 

„ჩვენ იმედი გვაქვს, რომ საფრანგეთთან თანამშრომლობა მისი [ფრანსუა ოლანდის] პრეზიდენტობის პერიოდში ასევე წარმატებით და ნაყოფიერად განვითარდება იმიტომ, რომ საფრანგეთსა და საქართველოს შორის თანამშრომლობა არ არის დამყარებული რაღაც პოლიტიკურ კონიუქტურაზე, არამედ ის დამყარებულია საერთო ღირებულებებზე და ინტერესებზე“, – განაცხადა ნიკოლოზ ვაშაკიძემ 7 მაისს პრესკონფერენციაზე. 

მან ასევე ხაზი გაუსვა, რომ თბილისი მადლიერია ნიკოლა სარკოზის „იმ მეგობრობისთვის და თანამშრომლობისთვის, რომელიც მას საქართველოსთან, მის ხელმძღვანელობასთან გააჩნია“.

„განსაკუთრებით იმ დიდი წვლილისთვის, რომელიც მან შეიტანა საქართველოს უსაფრთხოების საქმეში, ჩვენთვის უაღრესად კრიტიკულ დღეებში“, – აღნიშნა ვაშაკიძემ მხედველობაში ჰქონდა რა შუამავლის როლი, რომელიც სარკოზიმ, როგორც იმჟამად ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის პრეზიდენტმა, 2008 წლის აგვისტოში საქართველოსა და რუსეთს შორის ომის შეჩერების საქმეში შეასრულა.

Back to top button