ახალი ამბები

სოხუმს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის შეცვლა სურს

სეპარატისტული აფხაზეთის ხელისუფლებამ მორიგი შეტევა განახორციელა საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელზე, ანდჟეი ტიშკევიჩზე, განაცხადა რა, რომ ის „აშკარად არ იყო განწყობილი ჩვენთან კონსტრუქციული“ თანამშრომლობისთვის და რომ საჭიროა მისი ჩანაცვლება.

სოხუმი, რომელმაც ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი „აფხაზეთის ტერიტორიაზე არასასურველ პირად“ გამოაცხადა, უარს ამბობს გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრებში მონაწილეობაზე, თუ ამ შეხვედრებს ტიშკევიჩიც დაესწრება.

„ჩვენ არ გვინდა, რომ ამ მექანიზმმა სწორედ ამ მიზეზის გამო შეწყვიტოს არსებობა. თუ საქართველოსა და ევროკავშირისთვის პრინციპულია სწორედ ტიშკევიჩის და არა მისიის სხვა წარმომადგენლის მონაწილეობა, მე ისღა დამრჩენია, რომ ხელები გავშალო“, – განაცხადა სეპარატისტული აფხაზეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ირაკლი ხინთბამ „აფსნიპრესთან“ ინტერვიუში 3 მაისს.

„ჩვენი პოზიცია ტიშკევიჩთან დაკავშირებით საბოლოო და შეუცვლელია. ვფიქრობ, რომ სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელობაში საკადრო ცვლილებებს შეეძლო დადებითად ემოქმედა არსებული სიტუაციის მოგვარებაზე“, – განაცხადა მან.

„თუ ტიშკევიჩს გაათავისუფლებენ დაკავებული თანამდებობიდან, ეს არ იქნება იმის მანიშნებელი, რომ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია შეწყვეტს მუშაობას“, – განაცხადა ხინთბამ, „ჩვენ გვახსოვს მისი წინამორბედი, ბატონი ჰაბერი, რომელიც არ იზიარებდა ჩვენს პოლიტიკურ პოზიციას, მაგრამ ამავე დროს დახვეწილი დიპლომატი იყო, რომელსაც კარგად ესმოდა მოუგვარებელი კონფლიქტის პირობებში ყველა გაუფრთხილებელ სიტყვაზე ან საქციელზე მისი პასუხისმგებლობის ხარისხი“.

„ჩვენ არ ვართ იმის წინააღმდეგ, რომ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ განაგრძოს მუშაობა აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის მიმდებარე ტერიტორიებზე“, – განაცხადა მან. „მთავარი ისაა, რომ მისიის საქმიანობამ რეალურად შეუწყოს ხელი რეგიონში უსაფრთხოების და სტაბილურობის გაძლიერებას. აშკარაა, რომ ეს არ მოხდება, თუ მისიის ხელმძღვანელობა კვლავ თბილისის ხელისუფლების ინტერესებს მოემსახურება, ნაცვლად იმისა, რომ მისიის მანდატის მკაცრ შესრულებას შეუწყოს ხელი“.

„სამწუხაროდ, ბატონი ტიშკევიჩი აშკარად არ იყო განწყობილი ჩვენთან კონსტრუქციული ურთიერთობისთვის“, – განაცხადა ხინთბამ და დასძინა, რომ „ის გამოცდილი სამხედროა, მაგრამ კავკასიაში დიალოგის წარმოებისთვის აშკარად სხვა თვისებებია საჭირო“.

„არც ერთი მხარე არ მოითმენს აგდებულ, და ზოგჯერ შეურაცხმყოფელ დამოკიდებულებას მის მიმართ. ჩვენ ვითხოვთ, რომ აფხაზეთს პატივი სცენ“, – განაცხადა მან.

სოხუმი ტიშკევიჩს გალში ბოლო თვეებში მომხდარი მკვლელობების გამოძიებასთან დაკავშირებით აფხაზური მხარის თხოვნის იგნორირებაში ადანაშაულებს. სეპარატისტული აფხაზეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ვიაჩესლავ ჩირიკბამ განაცხადა, რომ როდესაც მან მარტში, ჟენევის მოლაპარაკებების ფარგლებში ტიშკევიჩს ჰკითხა, თუ რატომ უგულებელყოფს ის ამ საქმეებს, მისიის ხელმძღვანელმა, ჩირიკბას თქმით, უპასუხა, რომ მისია მაშინ გამოიძიებს ამ საქმეებს, მათ შორის აფხაზების „გვამებთან“ დაკავშირებით, როდესაც სოხუმი ევროკავშირის დამკვირვებლებს რეგიონის შიგნით შეუშვებს. „მან სწორედ ეს სიტყვა გამოიყენა – ‘გვამები’; ეს დიდი უპატივცემულობა და ძალიან ცინიკური იყო“, – განაცხადა ჩირიკბამ აპრილში.

მისმა მოადგილემ ირაკლი ხინთბამ 3 მაისს განაცხადა, რომ სოხუმს „პოზიტიური“ ურთიერთობები აქვს ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელთან სამხრეთ კავკასიაში ფილიპ ლეფორთან, რომელიც ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეა.

მან ასევე ხაზი გაუსვა, რომ ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის უმაღლესი წარმომადგენლის, კეტრინ ეშტონის პრესსპიკერის განცხადება და ასევე ჟენევის მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეების ერთობლივი განცხადება გალში 24 აპრილს ინციდენტების პრევენციის მექანიზმის შეხვედრის ჩაშლის თაობაზე „სავსებით დაბალანსებულია“.

„დარწმუნებული ვარ, რომ ნებისმიერი სიტუაციიდან ყოველთვის არსებობს გამოსავალი“, – დასძინა ხინთბამ.  

 

მსგავსი/Related

Back to top button