
მმართველი პარტიის დეპუტატები სააკაშვილის განცხადებაზე
პრეზიდენტი სააკაშვილი 2 მაისს ქუთაისში გაკეთებულ განცხადებაში – „დამაცადეთ კიდევ ორი, სამი, ოთხი წელი“ – არსებული ხელისუფლების კურსის გაგრძელებას გულისხმობდა, განაცხადეს დეპუტატებმა მმართველი პარტიიდან.
„პრეზიდენტი ამ სიტყვებში გულისხმობდა იმას, რომ კურსი, რომელიც არის მიმართული ეკონომიკის განვითარებისკენ, დემოკრატიული რეფორმების გატარებისკენ და ინფრასტრუქტურის განვითარებისკენ, უნდა გაგრძელდეს“, – განაცხადა აკაკი მინაშვილმა, დეპუტატმა ნაციონალური მოძრაობიდან.
მან კონკრეტულად არ უპასუხა Civil.ge-ს შეკითხვას ნიშნავდა თუ არა პრეზიდენტის მიერ პირველ პირში ნათქვამი ეს სიტყვები პრემიერ–მინისტრობაზე გაკეთებულ განაცხადს და „კურსის“ გაგრძელებასთან დაკავშირებით ნათქვამი გაიმეორა.
ანალოგიურ, კითხვაზე, ხომ არ იკითხება პრეზიდენტის ამ განცხადებაში მისი შესაძლო გაპრემიერების სურვილი, მმართველი პარტიის დეპუტატმა, შოთა მალაშხიამ Civil.ge-ს უპასუხა: „ამ კურსის გასაგრძელებლად ნემისმიერი მიმართულება შეიძლება ამოვიკითხოთ“.
„საუბარია კურსის გაგრძელებაზე ევროპისკენ, ნატოსკენ, რეფორმირების გაგრძელებაზე, ინფრასრტუქტურული პროექტების ბოლომდე მიყვანაზე, დანარჩენ მსოფლიოსთან ერთად დეოკუპაციის პროცესის დაწყებაზე, უმუშევრობის მინიმუმამდე დაყვანაზე“, – განაცხადა მან 3 მაისს.
პრეზიდენტმა სააკაშვილმა 2 მაისს ინფრასტრუქტურულ პროექტებზე საუბრისას განაცხადა: „წყალტყუბო მთელ ყოფილ საბჭოთა კავშირში იყო ყველაზე მაგარი კურორტი. მე გაძლევთ გარანტიას, რომ მომეცით, დამაცადეთ კიდევ ორი, სამი, ოთხი წელი და ნახეთ თუ არ გავხდი მთელს ევროპაში ყველაზე მაგარ ადგილად“.
სააკაშვილის მეორე და საბოლოო საპრეზიდენტო ვადა 2013 წელს იწურება; თუმცა მას შეუძლია გახდეს პრემიერ–მინისტრი, რომლის ძალაუფლებაც მნიშვნელოვნად გაიზრდება მას შემდეგ, რაც ახალი პრეზიდენტის ფიცის დადების მომენტიდან ახალი კონსტიტუციური ნორმები შევა ძალაში.
სააკაშვილი ყოველთვის თავს იკავებდა პრეზიდენტობის შემდგომ გეგმებზე საუბრისგან და თითქმის ყოველთვის არიდებდა თავს პასუხს, როდესაც ეკითხებოდნენ აპირებდა, თუ არა პრემიერ–მინისტრის პოსტის დაკავებას.