
გერმანიის საგარეო საქმეთა რწმუნებული კავკასიის საკითხებში საქართველოს სტუმრობს
გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს რწმუნებული აღმოსავლეთ ევროპის, კავკასიისა და შუა აზიის საკითხებში, პატრიცია ფლორი 2–3 მაისს საქართველოს სტუმრობს, იტყობინება გერმანიის საელჩო თბილისში.
პატრიცია ფლორი, რომელიც 2006–2010 წლებში გერმანიის ელჩი იყო საქართელოში, საგარეო საქმეთა მინისტრს გრიგოლ ვაშაძეს, განათლების მინისტრს დიმიტრი შაშკინს და სახელმწიფო მინისტრს რეინტეგრაციის საკითხებში ეკა ტყეშელაშვილს შეხვდება. ასევე დაგეგმილია შეხვედრები დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების საკითხებზე მომუშავე სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან.
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი გიდო ვესტერველე მარტში სამხრეთ კავკასიური ტურნეს ფარგლებში თბილისს სტუმრობდა. აპრილში კი თბილისში ჩამოვიდნენ გერმანიის თავდაცვის ფედერალური მინისტრის მოადგილე თომას კოსენდეი და საგარეო საქმეთა ფედერალური მინისტრის მოადგილე კორნელია პიპერი.
2012 წელს საქართველოსა და გერმანიას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 20 წლისთავი აღინიშნება. ეს პირველი ქვეყანა იყო, რომელმაც თბილისში 1992 წლის აპრილში საელჩო გახსნა.