ახალი ამბები

საქართველომ ჩრდილოეთ კავკასიის ხალხებთან ურთიერთობის სახელმწიფო სტრატეგია შეიმუშავა

დიასპორისა და კავკასიის საკითხთა საპარლამენტო კომიტეტი „ჩრდილოეთ კავკასიელ ხალხებთან ურთიერთობის საქართველოს სახელმწიფო სტრატეგიის“ პროექტის პირველ საჯარო განხილვას 2 მაისს გამართავს.

დოკუმენტის 18–გვერდიანი პროექტი იმ პრიორიტეტულ მიმართულებებს გამოყოფს, რომელთა მეშვეობითაც თბილისი ურთიერთობების გაღრმავებას ეცდება ჩრდილოეთ კავკასიის რეგიონთან დაწყებული ვაჭრობისა და ეკონომიკის საკითხებით, გაგრძელებული ხალხთა შორის კონტაქტებით, განათლების, ჯანდაცვისა და ადამიანის უფლებათა სფეროებით.

ჩრდილოეთ კავკასიასთან თანამშრომლობის „განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე“ საუბარია ასევე საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციის იმ მონაკვეთში, სადაც რუსეთთან ურთიერთობებია განხილული.

სტრატეგიის პროექტში ცალკე არის გამოყოფილი თავი სახელწოდებით „ისტორიული სიმართლის დადგენის ხელშეწყობა“, რომელშიც ნათქვამია, რომ „რუსეთის იმპერიის და საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში კავკასიელი ხალხები არაერთხელ ხდებოდნენ ეთნიკური წმენდების, დეპორტაციების და გენოციდის მსხვერპლი“, რაც „უნდა გახდეს ისტორიული და იურიდიული კვლევის საგანი“ და „მიეცეს მკაფიო და მყარად დასაბუთებული ისტორიული შეფასება“.

პროექტის თანახმად, საქართველო მხარს დაუჭერს ასეთი ფაქტების დეტალურ შესწავლას, მათ შორის "ამ დანაშაულების შესახებ არსებული ინფორმაციის და აღმოჩენილი ფაქტების“ საერთაშორისო საზოგადოებისათვის გაცნობის გზით.

გასულ წელს საქართველო გახდა ერთადერთი ქვეყანა, რომელმაც რუსეთის იმპერიაში მე–19 საუკუნეში ჩერქეზი ხალხის მასობრივი დეპორტაცია და მკვლელობები „გენოციდად“ აღიარა. ამ მოვლენების მსხვერპლთა ხსოვნის უკვდავსაყოფად წელს ანაკლიაში მემორიალის დადგმა იგეგმება

სტრატეგიის პროექტში ასევე ნათქვამია, რომ საქართველო მზადაა დაეხმაროს „ჩრდილოკავკასიელ ხალხებს საკუთარი უფლებების დაცვაში, მათი რეალური მდგომარეობის შესახებ მსოფლიო საზოგადოების ინფორმირების გზით“.

Back to top button