ახალი ამბები

ლიტვის პრემიერ–მინისტრი საქართველოს სტუმრობს

ლიტვის პრემიერ–მინისტრმა ანდრიუს კუბილიუსმა თბილისში ვიზიტის პირველ დღეს, 30 აპრილს თავის ქართველ კოლეგასთან ნიკა გილაურთან გამართა მოლაპარაკებები; ასევე იგეგმება მისი შეხვედრები პრეზიდენტ სააკაშვილთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან გრიგოლ ვაშაძესთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან დავით ბაქრაძესთან.

ლიტველ კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ ნიკა გილაურმა ხაზი გაუსვა იმ წვლილს, რომელიც ლიტვას შეაქვს საქართველოს ევროკავშირთან ურთიერთობაში პროგრესის მიღწევის საქმეში.

ორმხრივი თანამშრომლობა და ლიტვის მხარდაჭერა საქართველოს ევროპასთან ინტეგრაციის საკითხებში იქნება ლიტვის პრემიერის განხილვის მთავარი საკითხები საქართველოს ხელმძღვანელობასთან, განაცხადა ლიტვის პრემიერ–მინისტრის პრესსამსახურმა.

ამავე ცნობით, ანდრიუს კუბილიუსი 1 მაისს შეხვედრას გამართავს ოპოზიციური კოალიციის „ქართული ოცნების“ ლიდერთან ბიძინა ივანიშვილთან და მის პარტნიორთან, „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერთან ირაკლი ალასანიასთან.

ვიზიტის ფარგლებში, რომელიც 3 მაისს დასრულდება, ლიტვის პრემიერ–მინისტრი ასევე გაემგზავრება ქუთაისსა და ბათუმში და მოლაპარაკებებს გამართავს გიორგი ბარამიძესთან, სახელმწიფო მინისტრთან ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში.

პრემიერის ვიზიტის პარალელურად, საქართველოს ასევე სტუმრობს ლიტვის სეიმის სახელმწიფო ადმინისტრირებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის კომიტეტის დელეგაცია, რომელიც 30 მაისს ლიტვა-საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის ფორუმში მიიღებს მონაწილეობას.

მსგავსი/Related

Back to top button