ახალი ამბები

ეშტონი ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელს სრულ ნდობას უცხადებს

ევროკავშირი სრულ ნდობას უცხადებს საქართველოში ევროკავშირის მისიის ხელმძღვანელს ანდჟეი ტიშკევიჩს და აღნიშნავს, რომ ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში გამართულ შეხვედრებზე „ევროკავშირის დელეგაციის შემადგენლობის განსაზღვრა სხვა მონაწილის მიერ მიუღებელია“.

ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის უმაღლესი წარმომადგენლის, კეტრინ ეშტონის პრესსპიკერის მიერ 27 აპრილს გავრცელებულ განცხადებაში სინანულია გამოთქმული გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში ჩაშლილი შეხვედრის გამო.

„ნებისმიერ გამოწვევას ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ჩამოყალიბებული და შეთანხმებული პროცედურების მიმართ შესაძლოა სერიოზული შედეგები მოყვეს“, – ნათქვამია განცხადებაში, „როგორც ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეების 25 აპრილის განცხადებაშია ნათქვამი, ჟენევის დისკუსიების ყველა მონაწილემ აღიარა ინციდენტების პრევენციის მექანიზმი, როგორც მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი უსაფრთხოების საკითხების და ასევე ადგილზე არსებული სხვა საკითხების მოსაგვარებლად“.

„ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია მნიშვნელოვან როლს ასრულებს ინციდენტების პრევენციის მექანიზმში სტაბილიზაციისკენ, ნორმალიზებისკენ და ნდობის აღდგენისკენ მიმართული მანდატის ფარგლებში“, – აცხადებს ეშტონის პრესსპიკერი. 

ევროკავშირის ასევე იმედს გამოთქვამს, რომ ინციდენტების მექანიზმის ფარგლებში შეხვედრა მალე გაიმართება „მისი ყველა მონაწილის სასარგებლოდ“.

ამ საკითხის ირგვლივ პრობლემა მას შემდეგ წარმოიშვა, რაც 24 აპრილს გალში დაგეგმილი შეხვედრა არ ჩატარდა მასში მონაწილეობაზე აფხაზური მხარის უარის გამო. მეორე დღეს სოხუმმა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი ანდჟეი ტიშკევიჩი აფხაზური მხარის მიმართ „უპატივცემულობის“ გამო მის ტერიტორიაზე „არასასურველ პირად“ გამოცხადა. სოხუმმა ასევე განაცხადა, რომ გალის შეხვედრებში მონაწილეობას იმ პირობით განაგრძობს, თუ მისიის ხელმძღვანელის ნაცვლად მასში ვინმე სხვა მიიღებს მონაწილეობას. თბილისმა განაცხადა, რომ სოხუმის ამ პოზიციის უკან, რაც, მისი თქმით, მიზნად ისახავს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის როლის დასუსტებას, რუსეთი დგას. მოსკოვმა განაცხადა, რომ ის მხარს უჭერს სოხუმის პრეტენზიებს ანდჟეი ტიშკევიჩის მიმართ და ევროკავშირს მოუწოდა ამ საკითხის კომპრომისული მოგვარება პირდაპირ სოხუმთან მოძებნოს.

მსგავსი/Related

Back to top button