ახალი ამბები

საქართველოს სამი ახალი ელჩი ჰყავს

პარლამენტმა დღეს საქართველოს ორი ახალი ელჩი დაამტკიცა ნორვეგიასა და ყაზახეთში და ასევე კენჭი უყარა ჟენევაში გაეროს განყოფილებასა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის კანდიდატურას.

ნორვეგიაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი გახდა მამუკა ციხელაშვილი, რომელიც ბოლო დრომდე საგარეო საქმეთა სამინისტროში ჰუმანიტარულ ურთიერთობათა დეპარტამენტის დირექტორად მუშაობდა.

ყაზახეთში საქართველოს ელჩის თანამდებობა დაიკავა დავით მუმლაძემ, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებულმა პროფესორმა.

ჟენევაში გაეროს განყოფილებასა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი გახდა შალვა ცისკარაშვილი, კარიერული დიპლომატი, რომელიც დღემდე გაეროში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის მოადგილედ მუშაობდა. მუდმივი წარმომადგენლის ფუნქციებს აქამდე შვეიცარიაში საქართველოს საელჩო ითავსებდა.

შვეიცარიაში ელჩის თანამდებობა ვაკანტური რჩება მას შემდეგ, მარტში ყოფილი ელჩი, ზურაბ ჭიაბერაშვილი ჯანდაცვის მინისტრად დაინიშნა.

Back to top button