
აფხაზეთში რუსულ სამხედრო ბაზაზე 400 უმცროსი სპეციალისტი იგზავნება
აპრილის ბოლომდე სეპარატისტულ აფხაზეთში განთავსებულ რუსულ სამხედრო ბაზაზე ის 400 უმცროსი სპეციალისტი ჩავა, რომელთაც სამთვიანი მომზადების კურსი რუსეთის თავდაცვის სამინისტროს სასწავლო ცენტრებში გაიარეს, იტყობინება რუსეთის თავდაცვის უწყება.
„სამხედრო ბაზის ქვედანაყოფების დასაკომპლექტებლად გაგზავნილი არიან კარგად მომზადებული მძღოლები, ტანკ Т-90А–ს ოპერატორები, თვითმავალი ჰაუბიცა "აკაციის", ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა "გრადის" მეთაურები და მძღოლი–მექანიკოსები, ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო კომპლექსის "შტურმ–С"–ს ოპერატორები, სხვა ტიპის ჯარების და სპეციალური ჯარების სპეციალისტები“, – ნათქვამია რუსეთის თავდაცვის უწყების პრესრელიზში, რომელიც 19 აპრილს გამოქვეყნდა.
იმავე განცხადების თანახმად, აფხაზეთში განთავსებულ რუსულ სამხედრო ბაზაზე იგეგმება ასევე 1500 ახალწვეულის გაგზავნა, რომლებიც ამჟამად ადიღეს რესპუბლიკის პოლიგონზე გადიან მომზადებას.