ახალი ამბები

სააკაშვილი: ‘ტურაგენტად დავნიშნოთ ლავროვი, ძალიან კარგ რეკლამას უკეთებს საქართველოს’

რუსეთის მოქალაქეებისთვის მოწოდებით, რომ არ ჩამოვიდნენ საქართველოში, საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი ფაქტიურად საქართველოს რეკლამირებას ახდენს და „ტურაგენტის“ ხელფასს იმსახურებს თბილისისგან, განაცხადა პრეზიდენტმა სააკაშვილმა 19 აპრილს. 

„ყველა სასტუმრო არის სავსე რუსი ტურისტებით. რაც მეტს ლაპარაკობს ლავროვი, რომ არ ჩახვიდეთო, მით მეტი ჩამოდის. ხომ არ ავიყვანოთ ლავროვი ტურაგენტად?“ – მიმართა ხუმრობით სააკაშვილმა განათლების მინისტრს დიმიტრი შაშკინს 19 აპრილს ქობულეთში ახალ პროფესიულ კოლეჯში სტუმრობისას, „მთელი თვითმფრინავები გაძეძგილია რუსებით და ყველას ნანახი აქვს მისი განცხადება, და კიდევ უფრო მეტი მოდის დიდი სიამოვნებით. ხელფასი დაუნიშნეთ ლავროვს ტურაგენტის, ძალიან კარგ რეკლამას უკეთებს საქართველოს“. 

12 აპრილს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ურჩია თავის მოქალაქეებს თავი შეიკავონ საქართველოში გამგზავრებისგან მათთვის იქ „უსაფრთხოების არ არსებობის“ გამო და ამის მიზეზად ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონი დაასახელა, რომელიც კრძალავს სეპარატისტულ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში შესვლას იმ ტერიტორიებიდან, რომლებიც არ კონტროლდება თბილისის მიერ. რუსეთის საგარეო უწყებამ განაცხადა, რომ თებერვლის შემდეგ რუსეთის სამი მოქალაქის წინააღმდეგ განხორციელდა სისხლის სამართლებრივი დევნა საქართველოში ჩასვლისას, ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონის დარღვევის გამო.

17 აპრილს, მოსკოვში მყოფ სეპარატისტული აფხაზეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე საუბრისას სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ „საქართველოში გამგზავრება უსაფრთო არ არის“ და იგივე კანონი მოიყვანა არგუმენტად.

საქართველო აცხადებს, რომ მას შემდეგ, რაც 29 თებერვალს თბილისმა ცალმხრივად გააუქმა სავიზო რეჟიმი რუსეთის მოქალაქეებისთვის, რუსეთიდან ვიზიტორთა რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა. რუსეთმა განაცხადა, რომ მხოლოდ მაშინ გააუქმებს სავიზო რეჟიმს საქართველოს მოქალაქეებისთვის, თუ თბილისი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონს გადახედავს. თბილისმა უპასუხა, რომ მოსკოვმა ანალოგიური ნაბიჯი ყოველგვარი წინაპირობების გარეშე უნდა გადადგას.

Back to top button