
სეპარატისტული სამხრეთ ოსეთის ახალი ლიდერი მოვალეობის შესრულებას შეუდგა
სეპარატისტული სამხრეთ ოსეთის ახალი ლიდერი ლეონიდ თიბილოვი, რომელმაც 8 აპრილს განმეორებითი საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში გამარჯვება მოიპოვა, მოვალეობის შესრულებას დღეიდან შეუდგა.
ინაუგურაციის ცერემონია ცხინვალში 19 აპრილს გაიმართა, რომელსაც ასევე ესწრებოდა რუსეთის სათათბიროს სპიკერი სერგეი ნარიშკინი. მან რეგიონის ახალ ლიდერს მოსკოვის მხარდაჭერა აღუთქვა.
„სამხრეთ ოსეთის თანამშრომლობა რუსეთთან სოციალურ–ეკონომიკურ, სამხედრო–პოლიტიკურ და ჰუმანიტარულ სფეროებში წლიდან წლამდე უფრო გაფართოვდება“, – განაცხადა ნარიშკინმა სეპარატისტული რეგიონის საინფორმაციო სააგენტო „რესის“ თანახმად.
მან თიბილოვთან გამართული შეხვედრისას ასევე განაცხადა, რომ რუსეთის მიერ რეგიონისთვის გამოყოფილი თანხები „ეფექტურად“ და „დარღვევების გარეშე“ უნდა იქნას ათვისებული.
„მინდა დავარწმუნო რუსეთის ფედერაციის ხელმძღვანელობა, რომ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ განვაგრძოთ ჩვენი ხალხის მიერ არჩეული კურსი – საუკუნოდ რუსეთთან“, – განუცხადა სათათბიროს სპიკერს რეგიონის ახალმა ლიდერმა, „ძალისხმევას არ დავიშურებთ, რომ ყველა ის შეთანხმება, რომლებიც დადებულია ჩვენს ქვეყნებს შორის, შესრულდეს უახლოეს დროში“.
თიბილოვი, უშიშროების სამსახურის ყოფილი უფროსი, მესამე სეპარატისტული ლიდერი გახდა მას შემდეგ, რაც 90–იანი წლების კონფლიქტის შედეგად რეგიონმა საქართველოსგან დამოუკიდებლობა გამოაცხადა. მის არჩევას წინ უძღოდა შემოდგომაზე ლიდერის არჩევის პირველი უშედეგო მცდელობა, რასაც არჩევნების შედეგების გაბათილებით გამოწვეული კრიზისი და ყოფილი დე ფაქტო პრეზიდენტის ედუარდ კოკოითის თანამდებობიდან შემცვლელის არჩევამდე გადადგომა მოჰყვა.