
თბილისი ჩიკაგოს სამიტისგან ელის განცხადებას, რომ ‘საქართველო უფრო ახლოსაა ნატოსთან’
პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ განაცხადა 19 აპრილს, რომ საქართველო ელის, რომ ნატოს ჩიკაგოს სამიტის საბოლოო დეკლარაციაში ჩაიწერება, რომ საქართველო „დღეს არის უფრო ახლოს ნატოსთან“, ვიდრე ოდესმე.
„ჩიკაგოს სამიტზე ჩვენ ველოდებით, რომ ყველაფერი ის, რაც დღემდე გვესმოდა, იქნება კონკრეტულად დაფიქსირებული, ქაღალდზე, კანონის ენაზე და დადგენილების ენაზე გადატანილი. ეს კი გახლავთ, პირველ რიგში, განცხადებები, რომლებიც არაერთგზის მოგვისმენია, რომ საქართველო დღეს არის უფრო ახლოს ნატოსთან და ალიანსში გაწევრიანებასთან, ვიდრე ეს იყო ბუქარესტში ან როდესმე წინა ისტორიის განმავლობაში“, – განუცხადა ბაქრაძემ ჟურნალისტებს.
მან იმედი გამოთქვა, რომ ეს დაახლოება და პროგრესი ადექვატურად აისახება ჩიკაგოს სამიტის დოკუმენტებში.
ბაქრაძემ ასევე განაცხადა, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ 18–19 აპრილს მთელი რიგი პროდუქტიული შეხვედრები გამართა ნატოს შტაბბინაში, მათ შორის თავის კოლეგებთან ნატოს რამდენიმე წევრი სახელმწიფოდან, სადაც მაისში დაგეგმილი ნატოს ჩიკაგოს სამიტისთვის მზადების საკითხი იქნა განხილული.
3 აპრილს ბრიუსელში პრეზიდენტ სააკაშვილთან შეხვედრის შემდეგ ნატოს გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა განაცხადა, რომ ალიანსის „განსაკუთრებული პარტნიორობა“ საქართველოსთან ჩიკაგოს სამიტზე სამი კუთხით აისახება.
„პირველი, რომ საქართველოს ერთ–ერთი უდიდესი წვლილი შეაქვს ჩვენს ოპერაციაში ავღანეთში. მეორე, რომ საქართველოს უდიდესი წვლილი შეაქვს ზოგადად ტრანს–ატლანტიკურ თანამშრომლობაში ნატო–საქართველოს სპეციალური კომისიის ფარგლებში და მესამე, რომ საქართველო განიხილება ასპირანტ ქვეყნად, ქვეყნად, რომელიც ისწრაფვის გახდეს ნატოს მომავალი წევრი“, – განაცხადა რასმუსენმა 3 აპრილს.