ახალი ამბები

ვაშაძე ნატოს შტაბბინაში კლინტონს შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე 18 აპრილს ბრიუსელში, ნატოს შტაბბინაში აშშ–ის სახელმწიფო მდივანს ჰილარი კლინტონს შეხვდა.

ალიანსის წევრი სახელმწიფოების თავდაცვის და საგარეო საქმეთა მინისტრები ბრიუსელში ორდღიან მოლაპარაკებებზე შეიკრიბნენ, რათა მაისში ჩიკაგოში დაგეგმილი ნატოს სამიტი მოამზადონ. ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა თავიანთ კოლეგებთან ნატოს იმ არაწევრი სახელმწიფოებიდან, რომელთაც წვლილი შეაქვთ ISAF-ის ოპერაციაში, 19 აპრილს გაიმართება.

„ჩვენ განვიხილეთ რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი. უპირველეს ყოვლისა, რა თქმა უნდა, ეს არის ჩიკაგოს სამიტისთვის მზადება“, – განაცხადა ვაშაძემ და დასძინა: „აზრების სრული თანხვედრა არის“.

მან ასევე აღნიშნა, რომ შეხვედრისას საქართველოში არსებული პოლიტიკური და დემოკრატიული ვითარებაც იქნა განხილული.  

19 აპრილს ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრებს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვიც შეუერთდება, რომელიც ნატო–რუსეთის საბჭოს სხდომაში მიიღებს მონაწილეობას.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ ნატო აუცილებლად დააყენებს იმ ფუნდამენტური უთანხმოების საკითხს, რომელიც ალიანსსა და რუსეთს შორის არსებობს საქართველოსთან მიმართებაში.

18 აპრილს გრიგოლ ვაშაძე ნატოს შტაბბინაში ასევე შეხვდა თავის კოლეგებს ალბანეთიდან, ბულგარეთიდან, პოლონეთიდან და ჩეხეთის რესპუბლიკიდან, იტყობინება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო.

3 აპრილს ბრიუსელში პრეზიდენტ სააკაშვილთან შეხვედრის შემდეგ ნატოს გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა განაცხადა, რომ ალიანსის „განსაკუთრებული პარტნიორობა“ საქართველოსთან ჩიკაგოს სამიტზე სამი კუთხით აისახება.

„პირველი, რომ საქართველოს ერთ–ერთი უდიდესი წვლილი შეაქვს ჩვენს ოპერაციაში ავღანეთში. მეორე, რომ საქართველოს უდიდესი წვლილი შეაქვს ზოგადად ტრანს–ატლანტიკურ თანამშრომლობაში ნატო–საქართველოს სპეციალური კომისიის ფარგლებში და მესამე, რომ საქართველო განიხილება ასპირანტ ქვეყნად, ქვეყნად, რომელიც ისწრაფვის გახდეს ნატოს მომავალი წევრი“, – განაცხადა რასმუსენმა.

მსგავსი/Related

Back to top button