ახალი ამბები

აფხაზეთის ყოფილმა შინაგან საქმეთა მინისტრმა ‘დაპატიმრებისას თავი მოიკლა’

სეპარატისტული აფხაზეთის ყოფილმა შინაგან საქმეთა მინისტრმა ალმასბეი კჩაჩმა 17 აპრილს თავი მაშინ მოიკლა, როდესაც მის დაკავებას სამართალდამცველები ცდილობდნენ, იტყობინება აფხაზური საინფორმაციო სააგენტო „აფსნიპრესი“.

ამავე ცნობის თანახმად, სამართალდამცველები მის დაკავებას აფხაზეთის ლიდერის ალექსანდრე ანქვაბზე თებერვალში განხორციელებული თავდასხმის საქმესთან დაკავშირებით აპირებდნენ. „აფსნიპრესის“ ინფორმაციით, კჩაჩმა გაგრაში საკუთარ სახლში მოიკლა თავი მას შემდეგ, რაც სამართალდამცავები მის დასაპატიმრებლად მივიდნენ.

სამართალდამცავ სტრუქტურებს „გააჩნიათ მტკიცებულება, რომელიც ადასტურებს მის მონაწილეობას“ ანქვაბზე თებერვალში განხორციელებულ თავდასხმაში, რომლის დროსაც აფხაზეთის ლიდერის დაცვის ორი წევრი დაიღუპა, იტყობინება „აფსნიპრესი“.      

გასულ კვირაში აფხაზეთში ანქვაბზე თავდასხმაში ეჭვმიტანილი ოთხი პირი დააკავეს.

53 წლის  ალმასბეი კჩაჩი სეპარატისტული რეგიონის შინაგან საქმეთა მინისტრი იყო 1996–2003 წლებში, ხოლო შემდეგ 2005 წლამდე უშიშროების საბჭოს მდივნის თანამდებობა ეკავა. 2009 წლის არჩევნებში კჩაჩი ვიცე–პრეზიდენტობის კანდიდატი იყო პრეზიდენტობის კანდიდატ ბესლან ბუთბასთან ერთად. 

Back to top button