
საქართველოს რკინიგზის 25%-მდე აქციათა IPO მაისში იგეგმება
სახელმწიფოს კუთვნილი „საქართველოს რკინიგზა“ მაისში აქციების 25%-მდე გაყიდვას გეგმავს ლონდონის საფონდო ბირჟაზე პირველადი განთავსების (Initial Public Offering, IPO) სახით, ნათქვამია საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს მიერ 16 აპრილს ინვესტორთათვის გავრცელებულ განცხადებაში.
აქციების ლონდონის ბირჟაზე განთავსება საერთაშორისო დეპოზიტარული ხელწერილების (GDR) ფორმით იგეგმება.
ეკონომიკის სამინისტროს მონაცემებით, 2011 წელს „საქართველოს რკინიგზის“ 285.8 აშშ დოლარის ოდენობის შემოსავლების 95%-ზე მეტი სატვირთო გადაზიდვებზე მოდიოდა. კომპანიის მოგება ცვეთამდე, საპროცენტო ხარჯამდე და გადასახადებამდე (EBITDA) 2011 წელს იყო 155.6 აშშ დოლარი, ხოლო მომგებიანობის მარჟამ (EBITDA margin) 54,4% შეადგინა, რაც „მსოფლიო მასშტაბით სარკინიგზო ინდუსტრიაში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელია“, აცხადებს ეკონომიკის სამინისტრო.
„საქართველოს რკინიგზამ“ 2010 წლის ივლისში ხუთწლიანი ვადით 250 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების ევროობლიგაციები გამოუშვა.
მთავრობა სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული რამოდენიმე მსხვილი საწარმოს აქციათა ლონდონის ბირჟაზე განთავსებას ჯერ კიდევ შარშან გეგმავდა, თუმცა მაშინ ამ გეგმაზე მთავრობამ დროებით უარი თქვა საერთაშორისო ბირჟებზე "ძალიან ცუდი მდგომარეობის" მოტივით. 12 აპრილს პრემიერ–მინისტრმა ნიკა გილაურმა გამოაცხადა, რომ მთავრობა კვლავ დაუბრუნდა ამ განზრახვას და დასძინა, რომ ამ გეგმის განხორციელება უახლოეს მომავალში დაიწყებოდა.
მთავრობას „საქართველოს რკინიგზის“ აქციათა IPO-ს განსახორციელებლად დაქირავებული ყავს Citigroup-ი და Goldman Sachs International-ი.
„ჩვენ უკვე ვართ იმ მცირე რაოდენობის სარკინიგზო კომპანიებს შორის მსოფლიოში, რომლებიც მოგებაზე მუშაობენ და არ არიან დამოკიდებული სახელმწიფო სუბსიდიებზე,“ – განაცხადა „საქართველოს რკინიგზის“ გენერალურმა დირექტორმა ირაკლი ეზუგბაიამ, „ჩვენი კომპანიის IPO იქნება ‘საქართველოს რკინიგზის’ განვითარებაში ახალი ეტაპი, რომელიც უფრო მეტად წარმოაჩენს კომპანიას და ხელს შეუწყობს ჩვენს გრძელვადიან გეგმებს რეგიონში გაფართოების კუთხით.“