ახალი ამბები

სავალუტო ფონდის ახალი 385,6 მილიონიანი პროგრამა საქართველოსთვის

11 აპრილს საერთაშორისო სავალუტო ფონდმა მიიღო გადაწყვეტილება საქართველოს ახალი, ორწლიანი პროგრამის ფარგლებში 385,6 მილიონო აშშ დოლარი გამოუყოს, თუმცა მისი ათვისება მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში მოხდება.

ახალი შეღავათიანი სესხი სარეზერვო დაფინანსების მექანიზმის (Stand-By Arrangement – SBA) და სარეზერვო-საკრედიტო ხაზის (Standby Credit Facility – SCF) პროგრამების ფარგლებში მოხდება.

ამ სესხზე ვრცელდება საერთაშორისო სავალუტო ფონდის ის მექანიზმი, რომლის თანახმადაც ხელისუფლება გამოყოფილ ფინანსურ რესურსს ავტომატურად არ ითვისებს და ის მხოლოდ იმ შემთხვევაში ხდება ხელმისაწვდომი, თუ მკვეთრად გაუარესდება საგარეო ეკონომიკური და ფინანსური ვითარება.

საქართველომ სავალუტო ფონდთან  SBA-ის ფარგლებში მაკროეკონომიკურ მხარდაჭერის მიზნით განხორციელებული 33-თვიანი პროგრამა შარშან ივნისში დაასრულა, ამ პროგრამის ფარგლებშიც საქართველოსთვის მთლიანობაში 893 მილიონი აშშ დოლარი (დღევანდელ კურსზე გაანგარიშებით) გამოიყო. ახლა SBA-ის მექანიზმს დაემატა სარეზერვო-საკრედიტო ხაზის (SCF) პროგრამაც, რომელსაც სავალუტო ფონდი იმ დაბალ შემოსავლიანი ქვეყნებისთვის იყენებს, რომლებმაც გარკვეულწილად უკვე მიაღწიეს მაკროეკონომიკურ მდგრადობას, მაგრამ პერიოდულად შესაძლოა კვლავაც აღმოჩნდნენ ფინანსური საჭიროების წინაშე.

სავალუტო ფონდის 12 აპრილის განცხადებაში ნათქვამია, რომ საქართველოს ეკონომიკა 2011 წელს მოსალოდნელზე უკეთ განვითარდა და 7%–ით გაიზარდა; ინფლაცია დაბალ, ერთნიშნა მაჩვენებელზე ჩამოვიდა; სახელმწიფოს ვალი მშპ-თან მიმართებით 34%–მდე შემცირდა, ხოლო საერთაშორისო რეზერვები 2.8 მილიარდ აშშ დოლარამდე გაიზარდა.

„მიუხედავად ამ მიღწევებისა, მოუგვარებელმა საგარეო ვითარებამ გაზარდა გარე ფაქტორებით გამოწვეული რისკები. ამ ეტაპზე, 2012 წლის ეკონომიკური პროგნოზები შედარებით ხელსაყრელი რჩება, რომლის თანახმადაც ზრდა [2011 წლის 7%-დან] 6%–მდე შემცირება, ხოლო ინფლაცია დამორჩილებული დარჩება,“ – აცხადებს საერთაშორისო სავალუტო ფონდი.

ფონდის განცხადებით, საშუალოვადიან გამოწვევებს შორის რჩება მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის შემცირების აუცილებლობა, რომელიც 2011 წელს მშპ-თან მიმართებით 11.8%–ს შეადგენდა და უმუშევრობის შემცირება, რომელიც ოფიციალური სტატისტიკით, 2010 წელს 16.3% იყო.

Back to top button