ახალი ამბები

ანქვაბზე თავდასხმაში ეჭვმიტანილები დააკავეს

სეპარატისტული აფხაზეთის სამართალდამცავებმა 12 აპრილს ექვსი პირი დააკავეს რეგიონის ლიდერზე ალექსანდრე ანქვაბზე თებერვალში განხორციელებული თავდასხმის გამო, იტყობინება „აფსნიპრესი“ სეპარატისტული რეგიონის პროკურატურაზე დაყრდნობით. 

დაპატიმრებული ეჭვმიტანილების ვინაობა ან სხვა დეტალები ოფიციალური წყაროებში არ კონკრეტდება, თუმცა, როგორც ჩანს ექვსივე დაკავებული ადგილობრივი მკვიდრია, რადგანაც ისინი "რესპუბლიკის მოქალაქეებად" მოიხსენიეს.

"აფსნიპრესის" ცნობით, დაკავებულთა საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის შედეგად ამოღებული იქნა დიდი ოდენობით სხვადასხვა ტიპის ცეცხლსასროლი იარაღი. ამჟამად დაკავებულთა მიმართ საგამოძიებო–ოპერატიული მოქმედებები მიმდინარეობს.

ალექსანდრე ანქვაბი 22 თებერვალს მორიგ თავდასხმას გადაურჩა მას შემდეგ, რაც მისი ესკორტს გუდაუთიდან სოხუმისკენ მიმავალ გზაზე ცეცხლი გაუხსნეს. მანამდე კი იმავე გზაზე ძლიერი ასაფეთქებელი მოწყობილობა ამოქმედდა. თავდასხმის შედეგად ანქვაბის დაცვის ორი წევრი გარდაიცვალა.

2005 წლის შემდეგ ეს ანქვაბზე უკვე მეხუთე ან შესაძლოა მეექვსე თავდასხმაც იყო. არც ერთი წინა შემთხვევა ბოლომდე გამოძიებული არ ყოფილა და არც არავინ დაუკავებიათ. თავად ანქვაბი თავდასხმებს "შიდა" აფხაზურ ძალებს აბრალებდა.

რადიო "თავისუფლების" რუსულენოვანი სამსახურის "ეხო კავკაზას" ინფორმაციით, ერთ–ერთი დაკავებული არის ანზორ ბუთბა, ცნობილი ბიზნესმენი, რომელსაც ქვიშა–ხრეშის კარიერი აქვს სეპარატისტულ რეგიონში და ასევე ბიზნეს ინტერესები გააჩნია სოფლის მეურნეობაში. 

თავდასხმის შესაძლო ორგანიზატორებზე საუბრისას ანქვაბმა "მაფია, კრიმინალური დაჯგუფებები" და ამ ჯგუფებთან დაახლოებული "პოლიტიკური წრეები" ახსენა. 

"არსებობენ ძალები, რომელთაც სურთ, რომ აფხაზეთს კონტროლირებადი პრეზიდენტი და სუსტი ნებისყოფის, დამოკიდებული უმაღლესი ხელმძღვანელობა ჰყავდეს", – განაცხადა ანქვაბმა "აფსნიპრესთან" ინტერვიუში მასზე განხორციელებული თავდასხმის მეორე დღეს.     

 

  

Back to top button