ახალი ამბები

თბილისის თქმით, რუსეთი „ცდილობს შეთხზული საფრთხეებით დააშინოს საკუთარი მოქალაქეები“

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ რუსეთი ცდილობს „შეთხზული საფრთხეებით“ დააშინოს თავისი მოქალაქეები, როცა მოუწოდებს მათ თავი შეიკავონ საქართველოში სტუმრობისაგან.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 12 აპრილს გავრცელებულ განცხადებაში ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონზე აპელირებით, რომლის მიხედვითაც დასჯადია თბილისის მიერ უკონტროლო ტერიტორიებიდან სეპარატისტულ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში სტუმრობა, აღნიშნა, რომ ქართული სპეცსამსახურები „განაგრძობენ სისტემატურ დაჭერებს და რეპრესიებს“ საქართველოში ჩასული რუსების წინააღმდეგ, რომლებიც თბილისის მიერ დადგენილი წესების დარღვევით მანამდე სტუმრობდნენ სეპარატისტულ რეგიონებს.

სწორედ ამ კანონის გაუქმება მოითხოვა რუსეთმა, როგორც წინაპირობა, საქართველოსთან სავიზო რეჟიმის გაუქმებისთვის მას შემდეგ, რაც ამგვარი გადაწყვეტილება რუსეთის მოქალაქეებისთვის თბილისმა თებერვალში მიიღო.

ამ ცალმხრივმა ნაბიჯმა, საქართველოს საგარეო უწყების განცხადებით, „გამოიწვია რუსეთიდან საქართველოში სტუმრობის მოსურნეთა რიცხვის მკვეთრი მატება“. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, სავიზო რეჟიმის მოხსნის შემდეგ 30 ათასი რუსეთის მოქალაქე ესტუმრა საქართველოს, რაც 70%–იან ზრდას წარმოადგენს წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.

„რუსეთის ხელისუფლება აშკარად დაიბნა და ჯერ აბსურდული მიზეზებით აარიდა თავი [სავიზო რეჟიმის გაუქმებაზე] საპასუხო ნაბიჯების გადადგმას, ხოლო შემდეგ უკვე შეეცადა და ამჟამადაც ცდილობს შეთხზული საფრთხეებით დააშინოს საკუთარი მოქალაქეები“, – ნათქვამია 12 აპრილს გავრცელებულ განცხადებაში.

„რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს აღნიშნული ცნობა ცხადყოფს, რომ რუსეთის ხელისუფლება წინააღმდეგია არა მხოლოდ საქართველოს ხელისუფლებისა, არამედ რუს და ქართველ ხალხებს ნორმალური ურთიერთობის და მეგობრობისა. ეს ცნობა აშკარად მეტყველებს, რომ რუსეთის ხელისუფლებას აქვს სერიოზული შიში იმისა, რომ  რუსეთის ფედერაციის სულ უფრო და უფრო მეტი მოქალაქისათვის საქართველოში ვიზიტების შედეგად,  ნათელი ხდება რუსეთის ოფიციალური პროპაგანდის სიყალბე და შესაბამისად საქართველოს მიმართ რუსეთის ხელისუფლების მიერ წარმოებული პოლიტიკის მანკიერი ხასიათი“, – აცხადებს საგარეო უწყება.

„დარწმუნებული ვართ, რომ რუსეთის ხელისუფლების ეს მორიგი მცდელობაც უშედეგო აღმოჩნდება და რუსეთის უამრავი მოქალაქე, ვინც აპირებს ჩამოსვლას საქართველოში, თავად დარწმუნდება, ისევე როგორც ისინი, ვინც უკვე იმყოფებოდა აქ, რომ  საქართველოში  სტუმრობა არავითარ რისკთან არ არის დაკავშირებული და მხოლოდ სასიამოვნო მოგონებად დარჩებათ“, – ნათქვამია განცხადებაში.

Back to top button