
რუსეთი თავის მოქალაქეებს ურჩევს თავი შეიკავონ საქართველოში სტუმრობისაგან
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ურჩია თავის მოქალაქეებს თავი შეიკავონ საქართველოში გამგზავრებისგან მათთვის იქ „უსაფრთხოების არ არსებობის“ გამო.
რუსეთის საგარეო უწყებამ განაცხადა 12 აპრილს გავრცელებულ განცხადებაში, რომ თებერვლის შემდეგ რუსეთის სამი მოქალაქის წინააღმდეგ განხორციელდა სისხლის სამართლებრივი დევნა საქართველოში ჩასვლისას, ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონის დარღვევის გამო. კანონის თანახმად, სეპარატისტულ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში შესვლა იმ ტერიტორიებიდან, რომლებიც არ კონტროლდება თბილისის მიერ, უკანონოდ ითვლება. კანონი ამ წესიდან მთელ რიგ გამონაკლისებს აწესებს. კანონის დარღვევა ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით 2–დან 4 წლამდე. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ორ შემთხვევაში რუსეთის მოქალაქეები ჯარიმის გადახდის შემდეგ გაათავისუფლეს, ხოლო ერთ–ერთი ბოლო შემთხვევის დროს დაკავებული რუსეთის მოქალაქე კვლავ ზუგდიდის იზოლატორში რჩება.
მარტის დასაწყისში, მას შემდეგ, რაც საქართველომ რუსეთის მოქალაქეებისთვის ცალმხრივად მოხსნა სავიზო რეჟიმი, რუსეთმა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონის გადახედვისკენ მოუწოდა. მაშინ რუსეთმა საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმების პირობად სწორედ ამ კანონის გადახედვა დააყენა, მაგრამ საქართველომ უპასუხა, რომ ის კანონს არ შეცვლის და თუ რუსეთს საპასუხო ნაბიჯის გადადგმა სურს, მან ეს წინაპირობების გარეშე უნდა გააკეთოს.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ასევე განაცხადა 12 აპრილს, რომ საქართველოს სპეცსამსახურები „განაგრძობენ სისტემატურ დაჭერებს და რეპრესიებს“ საქართველოში ჩასული რუსების წინააღმდეგ.
სამინისტროს თქმით, 9 აპრილს პრეზიდენტ სააკაშვილის სტუმრობა ყაზბეგი–ზემო ლარსის სასაზღვრო–გამშვებ პუნქტზე და საქართველოში ჩასულ რუსეთის მოქალაქეებთან შეხვედრა მისი „პროპაგანდის“ ნაწილია.
„რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო კვლავ აპყრობს თქვენ ყურადღებას საქართველოში ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოების არ არსებობაზე და გირჩევთ თავი შეიკავოთ ამ ქვეყანაში გამგზავრებისგან“, – განაცხადა მან.
საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერმა მანანა მანჯგალაძემ განაცხადა 10 აპრილს, რომ მას შემდეგ, რაც 29 თებერვალს საქართველომ ცალმხრივად გააუქმა სავიზო რეჟიმი რუსეთის მოქალაქეებისთვის, რუსეთიდან განხორციელებული ვიზიტების რაოდენობამ 30 000 შეადგინა, რაც, მისი თქმით, 70%–იანი ზრდაა გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით.