ახალი ამბები

ODIHR-ი საქართველოში საჭიროებათა შემფასებელ მისიას გამოაგზავნის

ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტების და ადამიანის უფლებების ოფისის (ODIHR) მისიამ ოფიციალური მოწვევა მიიღო საქართველოს მთავრობისგან საპარლამენტო არჩევნებზე დაკვირვებასთან დაკავშირებით და გრძელვადიან სადამკვირვებლო საქმიანობაზე გადაწყვეტილების მისაღებად საქართველოში საჭიროებათა შემფასებელ მისიას გამოაგზავნის, განაცხადა ODIHR–ის პრესსპიკერმა.

თომას რაიმერმა Civil.ge-ს ელექტრონული ფოსტის მეშვეობით 10 აპრილს განუცხადა, რომ გადაწვეტილება თარიღთან დაკავშირებით, თუ როდის ჩამოვა შემფასებელი მისია, ჯერ მიღებული არ არის და ეჭვი გამოთქვა, რომ ეს გაზაფხულის ბოლომდე მოესწროს.

გასულ კვირაში საქართველომ ODIHR–ს და სხვა საერთაშორისო ინსტიტუტებს ოფიციალური მოწვევები გაუგზავნა 2012 წლის ოქტომბერს დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნებისთვის „შეუზღუდავი რაოდენობით" და "რაც შეიძლება სწრაფად“ დამკვირვებლების გამოგზავნის თხოვნით.

მასპინძელი ქვეყნის მთავრობისგან მოწვევის მიღების შემდეგ, ODIHR–ი შემფასებელი მისიის სახელით ცნობილ ექსპერტთა ჯგუფს აგზავნის, რომელიც პოტენციური სადამკვირვებლო საქმიანობის მასშტაბს ადგენს.

ჩვეულებრივ, OSCE/ODIHR–ის სადამკვირვებლო მისიების განთავსება არჩევნების დღემდე 6–8 კვირით ადრე ხდება.

„მე არ ვიცი არც ერთი შემთხვევა, როდესაც გრძელვადიანი დამკვირვებლების განთავსება უფრო ადრე მომხდარა, თუმცა ამის განსაზღვრა [თუ როდის უნდა მოხდეს დამკვირვებლების გამოგზავნა] საჭიროებათა შეფასების მისიის რეკომენდაციების საფუძველზე მოხდება“, – განაცხადა რაიმერმა.

Back to top button