ახალი ამბები

სააკაშვილი საქართველოს ‘წარმატების უწყვეტი ციკლის’ შესახებ


პრეზიდენტი სააკაშვილი მიმართავს საქართველოს შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებს 9 აპრილს. ფოტო: პრეზიდენტის ადმინისტრაცია

„საქართველოს სახელმწიფოებრიობის დისკრედიტაციის“ დაახლოებით ცამეტწლიანი „უწყვეტი“ ციკლი 2003 წლის ვარდების რევოლუციის შემდეგ ახალი „უწყვეტი ციკლით“ შეიცვალა, რომლითაც ქართული სახელმწიფოს წარმატება დაიწყო, განაცხადა პრეზიდენტმა სააკაშვილმა 9 აპრილს. 

„ჩვენი ისტორია, რა თქმა უნდა, 2003 წელს არ დაწყებულა, მაგრამ 1989 წლის შემდეგ 2003 წლამდე ეს იყო უწყვეტი წლები საქართველოს სახელმწიფოებრიობის იდეის დისკრედიტაციის“, – განაცხადა მან, „ვარდების რევოლუციის შემდეგ დაიწყო ქართული სახელმწიფოს უწყვეტი წარმატების ციკლი“.

მან ეს განცხადება თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლების წინაშე პარლამენტის ეზოში  სიტყვით გამოსვლისას გააკეთა. პრეზიდენტის გამოსვლა 9 აპრილის 23–ე წლისთავს მიეძღვნა.

სააკაშვილმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, როგორც მან აღნიშნა, საქართველოს წარმატებას, კავკასიაში პირველი „თანამედროვე სახელმწიფოს“ ჩამოყალიბების საქმეში.

„პირველად მრავალი საუკუნის განმავლობაში კავკასიაში საქართველომ შექმნა ის, რაც ვერასდროს ვერავის ვერ წარმოედგინა – მრავალეთნიკური, მრავალკულტურული, მრავალრელიგიური თანამედროვე სახელმწიფო“, – განაცხადა მან.

„დღეს ვინც ხელს აღმართავს საქართველოში ეთნიკურ შემწყნარებლობაზე, ის ემსახურება პირდაპირ საქართველოს მტერს; დღეს ვინც საქართველოში ცდილობს რელიგიური შუღლის გაღვივებას, ის პირდაპირ ემსახურება საქართველოს მტერს… დღეს ის, ვინც ხელს აღმართავს ქართული ჯარის იდეაზე და მათ შორის ქართველ რეზერვისტთა იდეაზე, ის პირდაპირ ემსახურება საქართველოს მტერს და ქართველმა ხალხმა ეს ძალიან კარგად იცის. 50 000 ადამიანი მარტო ბოლო ცხრა თვეში ჩაეწერა რეზერვისტთა რიგებში საქართველოში და ეს რიცხვი ზაფხულამდე ავა 100 000 კაცამდე“, – განაცხადა სააკაშვილმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ 9 აპრილს იგი რუსეთის საზღვარზე იმყოფებოდა, სადაც გაესაუბრა რუსეთის რამდენიმე მოქალაქეს, მათ შორის ჩრდილოეთ კავკასიის მკვიდრებს, რომლებიც საქართველოში ყაზბეგი – ზემო ლარსის სასაზღვრო–გამშვები პუნქტის გავლით შემოდიან.

„მათთვის, კავკასიელებისთვის, საქართველო არის მათი მრავალსაუკუნოვანი ოცნების განსახიერება კავკასიაში თანამედროვე სახელმწიფოს შექმნის, სადაც ეთნიკურ ჯგუფს კი არ ექნება მთავარი როლი, ან რომელიმე აღმსარებლობას, არამედ ექნება იდეას იმისა, რომ ყველა ადამიანი თანასწორია და თავისუფალია“, – განაცხადა მან.

„რუსული იმპერიის არსი ფუნდამენტურად ეწინააღმდეგება კავკასიელების ბუნებას…საქართველოს დღევანდელმა თაობამ დაინახა რას ნიშნავს თავისუფლება და მარტო ჩვენ კი არ დავინახეთ, ჩვენს გარშემო ყველა ხალხმა დაინახა; იმ კავკასიელებმა, რომლებიც შემოდიან ლარსის პუნქტიდან, იმათაც დაინახეს“, – განაცხადა მან.

„დღეს რუსეთის იმპერია და მისი გოშიები ასობით მილიონს ხარჯავენ დასავლეთში – ამერიკაში, ევროპაში – იმისათვის, რომ საქართველოს აღარ დაეხმარონ. მაგრამ, რა თქმა უნდა, ამისგან არაფერი არ გამოვა იმიტომ, რომ არა მხოლოდ საქართველოს ავტორიტეტია უფრო მაღალი, ვიდრე ოდესმე, არამედ თვითონ რუსეთში საზოგადოებრივი აზრი იცვლება საქართველოს მიმართულებით სასიკეთოდ“, – განაცხადა მან. 
 
„ამიტომ გვინდა ჩვენ გახსნილი საზღვრები; ამიტომ გვინდა ჩვენ განვითარება; ამიტომ გვინდა ჩვენ მეტი კულტურული გაცვლა; ამიტომ გვინდა ჩვენ მეტი დიალოგი იმ ხალხთან, ვისი ნათესავები, ან მამები და ოჯახის წევრები შეიძლება ხოცავდნენ აქ ჩვენს დებს და ძმებს; ჩვენ აუცილებლად მოვნახავთ გზას იმ საზოგადოებასთან იმიტომ, რომ მათ, ისევე როგორც ჩვენ, ასევე უნდათ თავისუფლება“, – დასძინა მან.

 

This post is also available in: English Русский

Back to top button