
სააკაშვილი: კათოლიკური ეკლესიის მრევლი ‘ჩვენი ქვეყნის ევროპული არჩევანის ერთგული საყრდენია’
საქართველოს კათოლიკური ეკლესიის მრევლისადმი გაგზავნილ სააღდგომო მისალოცში პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა, რომ „საქართველოში კათოლიკე ეკლესიის მრევლი ისტორიულად იყო და დღესაც არის ჩვენი ქვეყნის ევროპული არჩევანის ერთგული საყრდენი“.
მან ასევე განაცხადა, რომ საქართველოს კათოლიკური საზოგადოება, რომელიც დაახლოებით 35 000–ს შეადგენს, „საქართველოში ევროპული ცოდნისა და გამოცდილების პოპულარიზატორია“.
„არ შევუდგები იმ უდიდესი ქართველი და არა მარტო ქართველი კათოლიკეების სახელობით ჩამოთვლას, რომლებმაც უდიდესი წვლილი შეიტანეს ჩვენი ქვეყნის კულტურის, მეცნიერებისა და ხელოვნების განვითარებაში“, – ნათქვამია პრეზიდენტის გზავნილში, რომელიც მის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
ცალკე გზავნილში პრეზიდენტმა სააკაშვილმა სომეხ ხალხს კვირას აღდგომა მიულოცა.
„სომეხი და ქართველი ხალხის მეგობრობამ საუკუნეები გამოიარა და ჩვენმა ეკლესიებმა უდიდესი წვლილი შეიტანა მსოფლიოს ქრისტიანულ ცივილიზაციაში“, – განაცხადა სააკაშვილმა. „უნიკალური და ფასდაუდებელია ის ძალისხმევა, რომელიც საქართველოს ეთნიკურად სომეხ მოქალაქეებს ჩვენი სახელმწიფოებრიობის განმტკიცების საქმეში და დემოკრატიული ქვეყნის აღმშენებლობაში შეაქვთ“.