ახალი ამბები

კარასინი სამხედრო წვრთნების ‘კავკაზ 2012’–ის მიმართ თბილისის შეშფოთებას პასუხობს

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გრიგორი კარასინმა განაცხადა, რომ სრულიად უადგილოა ხმაურის ატეხვა რუსეთის მიერ 2012 წლის შემოდგომაზე დაგეგმმილ სამხედრო წვრთნებთან დაკავშირებით.

მისი თქმით, 29 მარტს ჟენევის დისკუსიების ბოლო რაუნდზე, რუსულმა მხარემ მონაწილეებს მიაწოდა ინფორმაცია დაგეგმილ წვრთნებთან დაკავშირებით.  

„რუსეთის შეიარაღებული ძალების ანალოგიური სამეთაურეო–საშტაბო სწავლებები რეგულარულად იმართება რუსეთის სხვადასხვა რეგიონებში“, – განაცხადა მან რუსულ ჟურნალ „ოგონიოკ“–თან ინტერვიუში, რომელიც 9 აპრილს გამოქვეყნდა.

„მათში საზღვარგარეთ განთავსებული ჩვენი სამხედრო კონტინგენტების ან სამხედრო ბაზების, ასევე უცხოური სახელმწიფოების სამხედროების მონაწილეობა არ იგეგმება. ამიტომ, ხმაურის ატეხვა სრულიად უადგილოა. როგორც ჩანს, ეს კიდევ ერთხელაა მიმართული საქართველოს ხელმძღვანელობის პოლიტიკური ამოცანების შესრულებისკენ“, – განაცხადა კარასინმა. 

პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა 31 მარტს, რომ რუსეთმა შემოდგომაზე დაგეგმილი სამხედრო წვრთნები განზრახ დაამთხვია ოქტომბერში დაგეგმილ საქართველოს საპარლამენტო არჩევნებს.

„არ არის შემთხვევითი, რომ [საქართველოში] არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე ჩვენმა მეზობელმა დანიშნა დიდი სამხედრო სწავლებები სექტემბრის მეორე ნახევარში. ეს დამთხვევა ნამდვილად არ არის შემთხვევითი“, – განაცხადა სააკაშვილმა.

29 მარტს ჟენევის მოლაპარაკებების მე–19 რაუნდის შემდეგ საქართველოს წარმომადგენელმა, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ სერგი კაპანაძემ განაცხადა, რომ ქართულმა მხარემ  დაგეგმილი სწავლებების შესახებ რუსი მომლაპარაკებლებისგან „დამაიმედებელი განმარტებები“ მიიღო. მისი თქმით, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გრიგორი კარასინმა აცნობა ქართულ მხარეს, რომ რუსეთი არ აპირებს წვრთნებში რუსეთის ფედერაციის გარეთ განთავსებული შეიარაღებული ძალების ჩართვას.

„ეს დამაიმედებელია“, – განაცხადა კაპანაძემ, „თუ ბატონი კარასინის ამ განცხადებას რუსეთის თავდაცვის სამინისტრო დაადასტურებს და თუ ადგილზე არსებული ფაქტები შეესაბამება ამ განცხადებას, მაშინ ჩვენ ვიტყოდით, რომ ეს დადებითი განვითარებაა“.

იანვარში რუსული წყაროები იტყობინებოდნენ, რომ ფართომასშტაბიან სამხედრო წვრთნებში „კავკაზ 2012“ სეპარატისტული აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის სამხედრო შენაერთებიც მიიღებდნენ მონაწილეობას, ხოლო თბილისმა განაცხადა, რომ მას ჰქონდა ინფორმაცია, რომ რუსეთს გიუმრიში განთავსებული საკუთარი სამხედროების ჩართვაც სურდა სწავლებებში.  

მსგავსი/Related

Back to top button