ახალი ამბები

სეპარატისტულ სამხრეთ ოსეთში კვირას საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართება

სეპარატისტული სამხრეთ ოსეთის ამომრჩევლები 8 აპრილს ბოლო ხუთი თვის მანძილზე უკვე მეოთხედ მივლენ საარჩევნო უბნებზე, რათა რეგიონის ახალი ლიდერი აირჩიონ.

კვირას არჩევნების მეორე ტური გაიმართება ორ კანდიდატს შორის. ესენი არიან: ადგილობრივი უშიშროების სამსახურის ყოფილი უფროსი ლეონიდ თიბილოვი და სამხრეთ ოსეთის ლიდერის  სპეციალური წარმომადგენელი ადამიანის უფლებათა საკითხებში, დავით სანაკოევი – ამ კანდიდატებმა 25 მარტს გამართულ პირველ ტურში ყველაზე მეტი ხმა მიიღეს.      

თიბილოვმა ხმების 42.48%, სანაკოევმა კი – 24.58% მიიღო.

25 მარტს განმეორებითი საპრეზიდენტო არჩევნები მას შემდეგ დაინიშნა, რაც შარშან ნოემბრის არჩევნების შემდეგ გამართული მეორე ტურის შედეგები, რომლითაც ოპოზიციურმა კანდიდატმა ალა ჯიოევამ მოიგო, გაუქმდა.

თავიანთ არჩევნებს შორის პერიოდებში სეპარატისტული რეგიონის ამომრჩევლებმა ასევე მიიღეს მონაწილეობა რუსეთის საპარლამენტო არჩევნებში დეკემბერში და საპრეზიდენტო არჩევნებში მარტში

თბილისი და საერთაშორისო თანამეგობრობა, გარდა რუსეთისა და კიდევ რამდენიმე ქვეყნისა, რომელთაც სეპარატისტული რეგიონის დამოუკიდებლობა აღიარეს, სამხრეთ ოსეთის არჩევნებს არალეგიტიმურად მიიჩნევენ.

Back to top button