
ახალი ამბები
2.2%-იანი წლიური დეფლაცია მარტში
„საქსტატის“ ინფორმაციით, მარტში ინფლაციის დონემ წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით –2.2% შეადგინა, რაც უკვე მეორე დეფლაციაა ზედიზედ ბოლო ორი თვის მანძილზე.
წინა თვესთან შედარებით მარტში ფასები 0.2%–ით შემცირდა მას შემდეგ, რაც თებერვალში ფასები 0.2%–ით გაიზარდა წინა თვესთან შედარებით.
თებერვალში წლიურმა ინფლაციამ -2.1% შეადგინა, რაც 2009 წლის აგვისტოს შემდეგ საქართველოში პირველი დეფლაცია იყო.
წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, მარტში სურსათზე ფასები 7.5%–ით შემცირდა, ხოლო კავშირგაბმულობაზე 7.7%–ით.
თუმცა, საწვავის და სატრანსპორტო მომსახურეობის ფასები კვლავ იზრდება. მარტში საწვავის ფასები 2.8%–ით გაიზარდა წინა თვესთან შედარებით, იტყობინება „საქსტატი“. საწვავზე ფასების ზრდა საქართველოში ბოლოს 3 აპრილს დაფიქსირდა.