
შსს: საქართველოში ვიზიტების რაოდენობა პირველ კვარტალში 39.4%–ით გაიზარდა
2012 წლის პირველ კვარტალში საქართველოში უცხოელ მოქალაქეთა ვიზიტების რაოდენობა 39.4%–ით გაიზარდა წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით და 677 278 შეადგინა, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ 2 აპრილს გამოქვეყნებულ ოფიციალურ მონაცემებში.
2011 წელს საქართველოში უცხოელ მოქალაქეთა ვიზიტების რაოდენობამ 2.8 მილიონი შეადგინა, რაც 39%–იანი ზრდაა წინა წელთან შედარებით, ამავე მონაცემების თანახმად.
2012 წლის იანვარ–მარტში საქართველოს საზღვარი ყველაზე მეტმა გადმოკვეთა თურქეთიდან (14.7%), აზერბაიჯანიდან (10.7%), სომხეთიდან (6.8%) და რუსეთიდან (2.6%).
თებერვლის ბოლოს საქართველომ ცალმხრივად გააუქმა სავიზო რეჟიმო რუსეთის მოქალაქეებისთვის. შსს–ს თქმით, სწორედ ამ ნაბიჯს მოყვა მარტში რუსეთის მოქალაქეების საქართველოში ვიზიტების რაოდენობის ზრდა. შსს–ს მონაცემებით, თუ 2011 წლის მარტში საქართველო რუსეთის 2 163-მა მოქლაქემ მოინახულა, 2012 წლის მარტის თვეში ამ ოდენობამ 6 192 შეადგინა.
2012 წლის პირველ კვარტალში ასევე გაორმაგდა ვიზიტები ირანიდან (9 000–ზე მეტი), რომლის მოქალაქეებსაც ასევე არ ესაჭიროებათ ვიზები საქართველოში შემოსასვლელად გასული წლის იანვრის შემდეგ.
2012 წლის იანვარ–თებერვალში ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მოქალაქეთა საქართველოში ვიზიტების რაოდენობა 15.1%–ით გაიზარდა წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით და 8 343 შეადგინა; შემდეგ მოდის უკრაინა 4 358–ით, რაც 11.7%–იანი ზრდაა წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით.