ახალი ამბები

სააკაშვილი რუსეთის დაგეგმილ სამხედრო წვრთნებს საქართველოს არჩევნებს უკავშირებს

რუსეთმა შემოდგომაზე დაგეგმილი სამხედრო წვრთნები განზრახ დაამთხვია ოქტომბერში დაგეგმილ საქართველოს საპარლამენტო არჩევნებს, განაცხადა პრეზიდენტმა სააკაშვილმა 31 მარტს.

„არ არის შემთხვევითი, რომ [საქართველოში] არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე ჩვენმა მეზობელმა დანიშნა დიდი სამხედრო სწავლებები სექტემბრის მეორე ნახევარში. ეს დამთხვევა ნამდვილად არ არის შემთხვევითი“, – განაცხადა სააკაშვილმა, რომელიც დიდი ალბათობით სამხედრო წვრთნებს „კავკაზ–2012“ გულისხმობდა.

„ყველა მცდელობა გაკეთდება ამ არჩევნების დისკრედიტაციის – ერთის მხრივ, ძალის გამოყენებით ქართველი ხალხის დაშინებით და მეორეს მხრივ, ასევე ამავე ქვეყნიდან შემოსული ფულის გამოყენებით ქართველი ამომრჩევლის მოსყიდვის მცდელობა“, – განაცხადა სააკაშვილმა თბილისში თავის რეზიდენციაში ევროპის სახალხო პარტიის ჯგუფის, ევრონესტის დელეგაციასთან შეხვედრაზე.

„მე ვფიქრობ, 2008 წელმა კარგად აჩვენა, რომ ვერც დაშინებით და ვერც მოსყიდვით საქართველოს ურყევი ნების შეცვლა არ არის შესაძლებელი“, – განაგრძო სააკაშვილმა, „კარგად აჩვენა, რომ ქართველმა ხალხმა კარგად იცის, სად მიდის; მრავალეთნიკურმა ქართულმა საზოგადოებამ კარგად იცის, რა არის მათი ინტერესი, რომ მათ არ ეშინიათ იმიტომ, რომ ის აშენებს თავისი შვილების და საკუთარი საზოგადოების თავისუფალ მომავალს“.

მომავალ არჩევნებზე საუბრისას პრეზიდენტმა სააკაშვილმა ასევე ახსენა ბოლოდროინდელი დებატები პოლიტიკური პარტიების რეიტინგების მედიაში გაჟონილი მონაცემების ირგვლივ, სადაც მმართველი პარტია დიდი უპირატესობით უსწრებს ბიძინა ივანიშვილის „ქართულ ოცნებას“. მას შემდეგ, რაც პარტიული რეიტინგების შესახებ გავრცელდა ინფორმაცია, რომელიც იმ უფრო ფართო საზოგადოებრივი აზრის კვლევის ნაწილია, რომელიც NDI-ის დაკვეთით კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრმა ჩაატარა, „ქართულმა ოცნებამ“ კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა კვლევის სანდოობა და საპარლამენტო არჩევნებამდე პოლიტიკური რეიტინგების გაზომვის შეწყვეტისკენ მოუწოდა (ამ საკითხთან დაკავშირებით იხილეთ „ქართული ოცნების“ ღია წერილი აშშ–ის ელჩისადმი). აშშ–ის საელჩომ კი უპასუხა: „დარწმუნებულნი ვართ, ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის …. კვლევები პროფესიულადაა ჩატარებული და ლეგიტიმურ მეთოდოლოგიას ეფუძნება“.

„ჩვენ გვინდა, რომ საერთაშორისო ორგანიზაციებმა ჩაატარონ საზოგადოებრივი აზრის ბევრი გამოკვლევა, რათა საშუალება არ მისცენ უცხოეთის ფულით დაქირავებულ სხვადასხვა ელემენტებს მანიპულაცია მოახდინონ არჩევნების დღეს საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვით“, – განაცხადა სააკაშვილმა, „ყოველ კვირას, თუ შესაძლებელია, ან ყოველ თვეს დიდი საერთაშორისო ორგანიზაციები უნდა ატარებდნენ აზრის გამოკვლევას საქართველოში, რომ ვერ მოახერხოს საქართველოში საარჩევნო პროცესის დისკრედიტაციის მსურველმა არჩევნების პერიოდში ამ არჩევნების დისკრედიტაცია და ამაზე დაფუძნებით არასასურველი პროცესების განვითარება“.

„დარწმუნებული ვარ, რომ ისინი ამას ვერ მოახერხებენ“, – განაგრძო სააკაშვილმა, „იმიტომ, რომ ჩვენ გვაქვს საქმე ბევრად უფრო განვითარებულ დემოკრატიასთან, ბევრად უფრო მყარ სახელმწიფო ინსტიტუტებთან და ბევრად უფრო თავის თავში დარწმუნებულ საზოგადოებასთან“.

„ამისათვის, ჩვენ გვინდა კიდევ უფრო მეტი თქვენი ყოფნა, ჩამოსვლა, დაკვირვება, საზოგადოებრივი აზრის შესწავლა, მედიის მონიტორინგი და ყველა საარჩევნო პროცედურის  მონიტორინგი, პარტიების დაფინანსების გაკონტროლება საერთაშორისო ინსტრუმენტების მეშვეობით, ყველაფერი ის, რაც არის მიღებული დემოკრატიულ საზოგადოებაში იმისათვის, რომ ამ ყველაფერმა კარგად ჩაიაროს", –აღნიშნა მან.  

„მაგრამ როგორც არასდროს, ჩვენ გვჭირდება ბევრი უცხოელი დამკვირვებელი არა მხოლოდ არჩევნების დღეს, არამედ ხვალ, ზეგ. რაც უფრო ჩქარა ჩამოვლენ დამკვირვებლები ევროპარლამენტიდან, ევროკავშირიდან, ეუთოდან და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებიდან, ეს არის ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი“, – განაცხადა სააკაშვილმა.

მარტის დასაწყისში  კამპანიის „ეს შენ გეხება“ მონაწილე არასამთავრობო ორგანიზაციებმა მოუწოდეს საქართველოს ხელისუფლებას, რომ "უმოკლეს ვადაში" მოიწვიოს ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტების და ადამიანის უფლებების ოფისის (ODIHR) მისია ქვეყანაში წინასაარჩევნო ვითარების მონიტორინგის მიზნით.  ODIHR–ი თავის სადამკვირვებლო მისიას მასპინძელი ქვეყნის მთავრობის მოწვევის საფუძველზე აგზავნის.

Back to top button