skip to content
ახალი ამბები

კარასინი: საქართველო უკანონო შეიარაღებულ ფორმირებებს ქმნის

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გრიგორი კარასინმა საქართველო აფხაზეთის ადმინისტრაციული საზღვრის სიახლოვეს უკანონო შეიარაღებული ფორმირებების შექმნაში დაადანაშაულა.

კარასინმა, სავარაუდოდ, გულისხმობდა რა ჩვენი საქართველო–თავისუფალი დემოკრატების ლიდერის და ივანიშვილის ოპოზიციური კოალიციის წევრის ირაკლი ალასანიას ბრალდებებს, „რია ნოვოსტის“ განუცხადა, რომ ამ ფორმირებების შექმნას ასევე ადასტურებენ ქართველი ოპოზიციონერები.

„ბოლო თვეები ხასიათდება ქართულ–აფხაზურ საზღვარზე გართულებებით, სადაც ქართული სპეცსამსახურების პროვოკაციები გრძელდება. იანვრის თვიდან უკვე შვიდი ადამიანია მოკლული. გაჩნდა შეიარაღებული ფორმირებები. ამას ადასტურებენ ასევე საქართველოს ოპოზიციონერი პოლიტიკოსები“, – განუცხადა კარასინმა „რია ნოვოსტის“ 29 მარტს, ჟენევის დისკუსიების მე–19 რაუნდის შემდეგ.

„ქართული მხარე ჩვენ განცხადებაზე ტრადიციულად შეეცადა თავისი პასუხისმგებლობა აფხაზებზე და რუსული მხარის პროვოკაციებზე გადაეტანა… მაგრამ ჩვენ ციფრებით და ფაქტებით ვაჩვენეთ, რომ ვფლობთ სიტუაციას, ვიცით კონკრეტული ადგილები, სად რა ხდება“, – აღნიშნა მან.

საქართველოს ოფიციალურმა პირებმა კარასინის განცხადებები ირაკლი ალასანიას კრიტიკისთვის გამოიყენეს.

„კარასინის განცხადება ისევე, როგორც ბატონი ირაკლი ალასანიას განცხადება, რომელიც იდენტური არის, არის სრული აბსურდი, მას არანაირი საერთო რეალობასთან არ აქვს. ჩვენ ამასთან დაკავშირებით არაერთხელ განვაცხადეთ… ჩვენ მას [ბრალდებებს] განვიხილავთ, როგორც სიტუაციის დესტაბილიზაციის და პროვოკაციების მცდელობად“, – განუცხადა ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილემ ბათუ ქუთელიამ ჟურნალისტებს 30 მარტს.

„ძალიან ბევრჯერ უკვე უნისონშია ბიძინა ივანიშვილის გუნდის განცხადება და რუსეთის ფედერაციის განცხადება და კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ ალასანიას ასეთი ტიპის ისტორიები უპასუხისმგებლოა, რბილად რომ ვთქვათ, და საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგოა და პირდაპირ ემთხვევა ჩვენი მტრის ინტერესებს“, – განუცხადა დეპუტატმა მმართველი პარტიიდან, აკაკი მინაშვილმა ტელეკომპანია „მაესტროს“.  

სახელმწიფო მინისტრმა რეინტეგრაციის საკითხებში, ეკა ტყეშელაშვილმა განუცხადა „რუსთავი 2“–ს, რომ „დასანანია“, როცა ქართველი პოლიტიკოსი საფუძველს უქმნის რუსეთს, რომ დამატებითი უსაფუძვლო ბრალდებით გამოვიდეს.

სოხუმმა ასევე გამოიყენა ალასანიას მიერ საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ წაყენებული ბრალდებები და 23 მარტს განაცხადა, რომ თბილისი განაგრძობს „ტერორის და დაშინების პოლიტიკას“.  

ირაკლი ალასანიამ კატეგორიულად უარყო მისი მხრიდან რაიმე კავშირი რუსეთის ბრალდებებთან და ხელისუფლების წარმომადგენელთა მიერ მის წინააღმდეგ გაკეთებულ განცხადებებს „უსაფუძვლო და უნამუსო“ უწოდა.

30 მარტს, ტელეკომპანია „მაესტროს“ თოქ–შოუში საუბრისას ალასანიამ ასევე ხაზი გაუსვა, რომ რუსეთი მუდმივად გამოდიოდა საქართველოს წინააღმდეგ ანალოგიური ბრალდებებით და კარასინის განცხადება პირველი შემთხვევა არ არის.

„ის ინფორმაცია, რაზეც მე მქონდა საუბარი, არანაირ შემთხვევაში არ უკავშირდება რაიმე აქტიურობას ოკუპირებულ ტერიტორიებზე. ეს ჯგუფები, რომელზეც მე მქონდა საუბარი, არის მიმართული ოპოზიციურად განწყობილი მოქალაქეების მიმართ“, – აღნიშნა მან. 

მან ასევე ხაზი გაუსვა, რომ მისი ბრალდებების დეტალები საგანგებოდ არ გამოაქვეყნა, რათა არ მომხდარიყო „არაკეთილმოსურნეების“ მიერ ამ ინფორმაციის გამოყენება, თუმცა იმის მაგივრად, რომ „ბოკერიას უწყებას“ გადაემოწმებინა ეს ინფორმაცია, მათ განასაჯაროვეს თვითონ.

„მათ ძალიან კარგად იციან რა ვითარებაა, მაგრამ ისეთი ფონი შექმნეს თითქოს აქ არაფერი განსაკუთრებული არ ხდება“, – განაცხადა ალასანიამ, თუმცა იქვე დასძინა, რომ მისმა პრევენციულმა განცხადებამ გარკვეულწილად შედეგი გამოიღო, რადგან ხელისუფლებამ, რომელმაც, მისი თქმით, ფაქტიურად „დაადასტურა“ შეიარაღებული ჯგუფების არსებობა, ამ ჯგუფების სამართლებრივ სივრცეში მოქცევა დაიწყო, როცა ისინი ნებაყოფლობით რეზერვს დაუკავშირა.

მსგავსი/Related

Back to top button