
ესტონეთი ჩიკაგოს სამიტზე ნატოს ასპირანტი ქვეყნებისთვის ‘პოზიტიური გზავნილისკენ’ მოუწოდებს
ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ურმას პაეტმა აშშ–ის სახელმწიფო მდივანთან ჰილარი კლინტონთან ვაშინგტონში გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ მნიშვნელოვანია ჩიკაგოში დაგეგმილ ნატოს სამიტზე იმ ქვეყნებს, მათ შორის საქართველოს, რომელთაც ალიანსში გაწევრიანება სურთ, „ძლიერი, პოზიტიური გზავნილი“ გაეგზავნოთ.
„მნიშვნელოვანია, რომ ძლიერი, პოზიტიური გზავნილი გაკეთდეს იმ ქვეყნებისთვის, რომელთაც ნატოში გაწევრიანება სურთ პროგნოზირებად მომავალში, ქვეყნებისთვის, როგორიცაა საქართველო, მაკედონია, მონტენეგრო და ბოსნია და ჰერცეგოვინა“,– განაცხადა ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა 27 მარტს აშშ–ის სახელმწიფო მდივანთან ჰილარი კლინტონთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე თავის გახსნით სიტყვაში.
მან ასევე განაცხადა რომ ჩიკაგოს სამიტზე უნდა მოხდეს ალიანსის მეხუთე მუხლის მნიშვნელობის ხაზგასმა. ამ მუხლის თანახმად თავდასხმა ნატო-ს წევრ ერთ რომელიმე სახელმწიფოზე ითვლება თავდასხმად მთლიანად ალიანსზე და ითვალისწინებს კოლექტიური თავდაცვის ზომების მიღებას.
თავის გახსნით სიტყვაში ჰილარი კლინტონმა მხარდაჭერა გამოხატა ესტონეთის ძალისხმევის მიმართ, რომელიც მიმართულია იქითკენ, რომ ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს „ეფექტური თავისუფალი ბაზრის და დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობაში“ დაეხმაროს.
„ესტონეთი დახმარების და განვითარების ძლიერ პროგრამას ახორციელებს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში, კერძოდ კი საქართველოში, უკრაინასა და მოლდოვაში“, – განაცხადა კლინტონმა.
შარშან ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ, ესტონეთის დიპლომატიის სკოლასთან თანამშრომლობით, აღმოსავლეთ პარტნიორობის ესტონური ცენტრი დააარსა, რომელიც ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების, მათ შორის საქართველოს მაღალი და საშუალო რანგის საჯარო მოხელეებს მომზადების კურსებით უზრუნველყოფს.