ახალი ამბები

პარლამენტის პლენარული სხდომების ქუთაისში გამართვა მაისიდან გახდება შესაძლებელი

1 მაისიდან საქართველოს პარლამენტის პლენარული სხდომები შეიძლება ჩატარდეს როგორც თბილისში, ისე ქალაქ ქუთაისში, ნათქვამია პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის თაობაზე ინიცირებულ კანონპროექტში.

მოქმედი კონსტიტუცია პარლამენტის ამჟამინდელ ადგილსამყოფელს არ განსაზღვრავს და მასში მხოლოდ იმის შესახებ არსებობს ჩანაწერი, რომ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ მომდევნო საერთო საპარლამენტო არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმის გამოქვეყნების დღიდან პარლამენტის ადგილსამყოფელი იქნება ქალაქი ქუთაისი.

იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პავლე კუბლაშვილის განცხადებით, წარმოდგენილი საკანონმდებლო ცვლილებები შესაბამისობაშია კონსტიტუციასთან და რაიმე „დარღვევას ადგილი არ აქვს“.

რეგლამენტში წარმოდგენილი ცვლილებები, სავარაუდოდ, ემსახურება 26 მაისს ქუთაისში პარლამენტის პირველი პლენარული სხდომის გამართვის თაობაზე პრეზიდენტ სააკაშვილის განცხადებისთვის ლეგალური საფუძვლის შექმნას.

„რეგლამენტში ამ ნორმის დაზუსტება შესაბამისობაშია ამ პოლიტიკურ განაცხადთან“, – განაცხადა კუბლაშვილმა 29 მარტს.

ამჟამად ქუთაისში პარლამენტის ახალი შენობის მშენებლობა მიმდინარეობს, რომელიც 26 მაისისთვის უნდა დასრულდეს.

Back to top button