ახალი ამბები

Forbes Georgia-ს გამომცემელი ცენზურის შესახებ ბრალდებებს უარყოფს

Forbes Georgia-ს გამომცემელმა, რომელიც ჟურნალის ყოფილმა მთავარმა რედაქტორმა სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევაში დაადანაშაულა, უარყო ეს ბრალდება და განაცხადა, რომ რევაზ საყევარიშვილი თანამდებობიდან „საქმიანი საგამომცემლო ეთიკის“ დარღვევის გამო „გაათავისუფლა“.

საყევარიშვილმა, რომელიც ოთხი თვის წინ Forbes Georgia-ს გამოცემის დაწყებიდანვე მთავარი რედაქტორი იყო, განაცხადა 27 მარტს, რომ Media Partners-ის თანადამფუძნებლის, გაგიკ ეღიაზარიანის მხრიდან „ცენზურის სისტემატური მცდელობის და სარედაქციო მუშაობაში უხეში ჩარევისადმი პროტესტის ნიშნად“ იგი მთავარი რედაქტორის თანამდებობას ტოვებს.

„ეს ისტორია ცენზურასთან არ არის დაკავშირებული, მხოლოდ იურიდიულ საკითხებს და საგამომცემლო საქმიანობის ეთიკას ეხება“,– აღნიშნა Media Partners-მა განცხადებაში, რომელიც  Forbes Georgia-ს ვებ–გვერდზე 28 მარტს გამოქვეყნდა, „რევაზ საყევარიშვილი გათავისუფლებული იქნა სარედაქციო პოლიტიკის იურიდიული და ეთიკური ასპექტების დარღვევისთვის“.

გამომცემელი აცხადებს, რომ გათავისუფლების მიზეზი გახდა რევაზ საყევარიშვილის მიერ ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუში უმეტესი კითხვების კოპირება რუსული „ვედომოსტის" 2005 წლის 7 აპრილის სტატიიდან. Media Partners-ის განცხადებით, ეს „საქმიანი საგამომცემლო ეთიკის უხეში დარღვევაა“ და „ჩვენს მკითხველს, ისევე როგორც კოლეგებს რუსული გამოცემიდან, რომლებიც ფლობენ საავტორო უფლებებს ინტერვიუს ორიგინალურ ტექსტზე, სრული უფლება ექნებოდათ დავედანაშაულებინეთ პლაგიატში“.

გამომცემლის თქმით, სწორედ ეს გახდა მიზეზი საყევარიშვილის „გათავისუფლებისა“ დაკავებული თანამდებობიდან 26 მარტს – ერთი დღით ადრე, სანამ ყოფილი მთავარი რედაქტორი გადადგომის შესახებ  განცხადებას გააკეთებდა.

„რევაზ საყევარიშვილის ყველა განცხადება პროტესტის ნიშნად თანამდებობის დატოვების შესახებ სიმართლეს არ შეესაბამება“, – განაცხადა  Media Partners–მა.

27 მარტს გავრცელებულ განცხადებაში საყევარიშვილმა აღნიშნა, რომ „ცენზურის მცდელობის“ სულ ბოლო შემთხვევა Media Partners-ის თანადამფუძნებლის, გაგიკ ეღიაზარიანის მხრიდან მაშინ დაფიქსირდა, როდესაც Forbes Georgia–მ მიიღო გადაწყვეტილება ბიძინა ივანიშვილის შესახებ სტატიის მომზადების შესახებ მას შემდეგ, რაც ამერიკულმა Forbes-მა მარტის ნომერში მილიარდერთა ყოველწლიური რეიტინგი გამოაქვეყნა და მასში ივანიშვილის შესახებ ვრცელი სტატია განათავსა.

„სწორედ ამ ვითარებაში შევეჯახე ბატონ ეღიაზარიანის კატეგორულ წინააღმდეგობას, რაც თავდაპირველად რედაქციის მიერ ივანიშვილის შესახებ დაგეგმილი პუბლიკაციის საერთოდ ამოღების, მოგვიანებით ივანიშვილთან ინტერვიუს პროცესში დასასმელი კითხვარის შედგენაში ჩარევის, პუბლიკაციის მომზადების შემდეგ კი მისი პირდაპირი და უხეში ცენზურის მცდელობაში გამოიხატა“, – განაცხადა საყევარიშვილმა 27 მარტს.

მან ასევე განაცხადა, რომ ვინაიდან Forbes Georgia-ს განკარგულებაში რჩება მის მიერ მომზადებული ინტერვიუ ბიძინა ივანიშვილთან, "თავს ვალდებულად ვთვლი, საზოგადოებას წარვუდგინო მისი [ინტერვიუს]დედნისეული ვერსია, რათა გამოირიცხოს ამ პუბლიკაციის არასათანადოდ გამოყენების შესაძლებლობა".

Media Partners-მა ასევე განაცხადა, რომ რევაზ საყევარიშვილის მიერ ბიძინა ივანიშვილთან ჟურნალ Forbes Georgia-ს ექსკლუზიური ინტერვიუს ინტერნეტში გავრცელება Media Partners-თან შეთანხმების გარეშე „კანონის დარღვევის გარკვეულ ნიშნებს ატარებს“.

„ჩვენი იურისტები სწავლობენ გარემოებებს და რევაზ საყევარიშვილის დემარშის სასამართლო პერსპექტივებს“, – ნათქვამია განცხადებაში.

27 მარტს რევაზ საყევარიშვილმა ასევე განაცხადა, რომ დამფუძნებლის მხრიდან სარედაქციო დამოუკიდებლობაში სისტემატური ჩარევისა და ცენზურის განხორციელების მცდელობის არაერთი ფაქტი მოეპოვება თავის საქმიან მიმოწერაში ეღიაზარიანთან, თუმცა „შიდა კორპორაციული ეთიკის პრინციპებიდან გამომდინარე“, ამ ეტაპზე ამ მიმოწერას არ ხდის საჯარო განხილვის საგნად. მან ასევე დასძინა, რომ „საჭიროების შემთხევაში“ ამ დოკუმენტურ მასალას გაასაჯაროვებს.

მსგავსი/Related

Back to top button