ახალი ამბები

ჟენევის მოლაპარაკებების მე–19 რაუნდი

საქართველოს წარმომადგენელმა 29 მარტს ჟენევის დისკუსიების მე–19 რაუნდის შემდეგ განაცხადა, რომ „შედარებით პოზიტიური“ შეხვედრა გაიმართა და იმედი გამოთქვა, რომ დისკუსიები იმ ეტაპამდე მივა, როდესაც მოსკოვი ძალის გამოუყენებლობის თაობაზე თბილისის მსგავს პირობას დადებს. თუმცა, რუსული მხარის წარმომადგენელმა კიდევ ერთხელ გაიმეორა მოსკოვის დიდი ხნის პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ რუსეთი ასეთი ნაბიჯის გადადგმას არ აპირებს.

„უნდა აღვნიშნოთ, რომ ეს კონკრეტული რაუნდი შედარებით პოზიტიური იყო, რადგანაც ჩვენ იმის შეგრძნება გვაქვს, რომ სწორი მიმართულებით მივდივართ და რომ დისკუსიები, რომელსაც აქ, ჟენევაში ვმართავთ, იმ ეტაპამდე მიგვიყვანს, როდესაც ძალის გამოუყენებლობის პირობას მოსკოვიც დადებს“, – განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, სერგი კაპანაძემ ჟენევაში მოლაპარაკებების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე.

მისი თქმით, მოლაპარაკებების დროს „კონკრეტული იდეები“ იქნა განხილული და იმედი გამოთქვა, რომ ეს წინადადებები „იმ მომენტს დაგვაახლოვებს, როდესაც ყველა“ დადებს ძალის გამოუყენებლობის პირობას. მან ამ „კონკრეტული იდეების“ დეტალებზე არ ისაუბრა.

საქართველომ 2010 წლის ბოლოს უკვე დადო ძალის გამოუყენებლობის ცალმხრივი პირობა და ახლა, როგორც კაპანაძემ აღნიშნა, „ლოდინის რეჟიმშია, რომ მოსკოვმაც ანალოგიური ნაბიჯი გადადგას“.

რუსეთის მთავარმა მომლაპარაკებელმა ჟენევის დისკუსიებზე, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გრიგორი კარასინმა განაცხადა, რომ „დისკუსიების დროს ქართული დელეგაციის წარმომადგენლებმა კვლავ დაიწყეს იმის მოთხოვნა, რომ რუსეთს ძალის გამოუყენებლობის შესახებ ცალმხრივი დეკლარაცია გაეკეთებინა“.

კარასინმა 29 მარტს „იტარ–ტასს“ განუცხადა, რომ ამგვარი მოთხოვნა რუსეთისთვის მიუღებელია „პრინციპული თვალსაზრისით“, კერძოდ, იმის გამო, რომ რუსეთი „საკუთარ თავს კონფლიქტის მხარედ არ მიიჩნევს“.

სანაცვლოდ, რუსეთი მოუწოდებს თბილისს ცხინვალთან და სოხუმთან ძალის გამოუყენებლობის შესახებ იურიდიულად სავალდებულო შეთანხმებებს მოაწეროს ხელი, სადაც მოსკოვი, აშშ–სთან და ევროკავშირთან ერთად, გარანტორის როლს შეასრულებს, რაც თბილისისთვის კატეგორიულად მიუღებელია.

2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ დაწყებულ ჟენევის მოლაპარაკებებს თანათავმჯდომარეობენ ევროკავშირის, ეუთოს და გაეროს წარმომადგენლები. დისკუსიებში საქართველოს, რუსეთის და აშშ–ის და ასევე სოხუმის და ცხინვალის წარმომადგენლები მონაწილეობენ.

ძალის გამოუყენებლობა, უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმებთან ერთად – რამაც ძალის გამოუყენებლობა უნდა უზრუნველყოს, მოლაპარაკებების ერთ–ერთ მთავარ საკითხს წარმოადგენს.

„სამწუხაროდ, ჩვენ კვლავ არ გვაქვს პროგრესი უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმებზე“, – განაცხადა სერგი კაპანაძემ მოლაპარაკებების შემდეგ.

„ჩვენი მიზანია, რომ ვიხილოთ საერთაშორისო სამშვიდობო და საპოლიციო მისიები ამ რეგიონებში [აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში], ვინაიდან მიგვაჩნია, რომ საუკეთესო გზა ძალის გამოუყენებლობის პირობის უზრუნველსაყოფად ამ ტიპის საერთაშორისო წარმომადგენლობითაა შესაძლებელი და რომ გაეროს, ეუთოს და ევროკავშირის მანდატის მქონე ძლიერი სამშვიდობო და საპოლიციო ძალები შეიძლება საუკეთესო გარანტია იყოს უსაფრთხოებისა და სტაბილურობისთვის“, – აღნიშნა კაპანაძემ.

ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა სამხრეთ კავკასიაში ფილიპ ლეფორმა, რომელიც ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეა, განაცხადა, რომ მოლაპარაკებები „ნელა და ზოგჯერ რთულად“ მიდის წინ. მან ასევე განაცხადა, რომ მართალია მოლაპარაკებების თითოეული რაუნდის შემდეგ შედეგები არც თუ ისე სახარბიელოა, მაგრამ სიტუაცია ახლა უკეთესია, ვიდრე უშუალოდ აგვისტოს ომის შემდეგ იყო.

მოლაპარაკებების შემდეგ გავრცელებულ ერთობლივ განცხადებაში, თანათავმჯდომარეებმა განაცხადეს, რომ მონაწილეები „მიესალმნენ შედარებით სტაბილურ გარემოს, მიუხედავად ძალადობრივი ინციდენტების რაოდენობის ზრდისა“ სეპარატისტული აფხაზეთის ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრივ.

სერგი კაპანაძემ განაცხადა, რომ მან რუსეთის მიერ დაგეგმილი ფართომასშტაბიანი სამხედრო წვრთნების “კავკაზ – 2012“ საკითხი დააყენა. გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთი წვრთნებში სეპარატისტული აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის სამხედრო შენაერთების ჩართვასაც გეგმავს.  თბილისმა განაცხადა, რომ მას გააჩნდა ინფორმაცია, რომ რუსეთს წვრთნებში სეპარატისტულ რეგიონებში განთავსებული საკუთარი შენაერთების და ასევე გიუმრის რუსულ სამხედრო ბაზაზე განთავსებული ძალების ჩართვაც სურს.

სერგი კაპანაძემ ასევე განაცხადა, რომ მეცხრამეტე რაუნდის დროს ქართულმა მხარემ დაგეგმილი სწავლებების შესახებ რუსი მომლაპარაკებლებისგან „დამაიმედებელი განმარტებები“ მიიღო. მისი თქმით, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გრიგორი კარასინმა აცნობა ქართულ მხარეს, რომ რუსეთი არ აპირებს წვრთნებში რუსეთის ფედერაციის გარეთ განთავსებული შეიარაღებული ძალების ჩართვას.

„ეს დამაიმედებელია“, – განაცხადა კაპანაძემ, „თუ ბატონი კარასინის ამ განცხადებას რუსეთის თავდაცვის სამინისტრო დაადასტურებს და თუ ადგილზე არსებული ფაქტები შეესაბამება ამ განცხადებას, მაშინ ჩვენ ვიტყოდით, რომ ეს დადებითი განვითარებაა“.

ჟენევის მოლაპარაკებების მე–20 რაუნდი 7–8 ივნისს არის დაგეგმილი.

Back to top button