ახალი ამბები

NDI-ის პოლიტიკურ რეიტინგებში მმართველი პარტია ლიდერობს

აშშ–ის ეროვნულ–დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) დაკვეთით ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის თანახმად, მმართველი პარტია მნიშვნელოვნად უსწრებს ბიძინა ივანიშვილის ოპოზიციურ კოალიციას.       

პოლიტიკური რეიტინგების შესახებ მონაცემები იმ უფრო ფართო საზოგადოებრივი აზრის კვლევის ნაწილია, რომელიც NDI-ის დაკვეთით კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრმა 22 თებერვლიდან 5 მარტის ჩათვლით ჩაატარა და რომელიც ასევე მოიცავს საზოგადოების დამოკიდებულებას სხვადასხვა შიდა თუ საგარეო პოლიტიკურ საკითხებზე.

NDI-ის თბილისის ოფისის პოლიტიკაა, რომ მისი დაკვეთით განხორციელებული კვლევის მხოლოდ ის ნაწილი გახადოს საჯარო, რომელიც საზოგადოების ზოგად განწყობებს ასახავს, თუმცა ის ნაწილი, რომელიც პოლიტიკური პარტიების რეიტინგებს ეხება, NDI-ის მიერ არასდროს ხდება საჯარო და მას მხოლოდ უშუალოდ პოლიტიკურ პარტიებს აწვდის. მაგრამ, როგორც წესი, შემდეგ ამ მონაცემებს ზოგიერთი პარტია მედია საშუალებებს აწვდის.

NDI-ის თბილისის ოფისის ასევე ჩვეული პოლიტიკაა, რომ უარყოს პრესაში გავრცელებული ის ინფორმაცია, რომელშიც კვლევის შედეგები დამახინჯებულად არის გადმოცემული.

27 მარტს საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსმა“ NDI-ის დაკვეთით განხორციელებული კვლევის იმ ნაწილის შესახებ გაავრცელა ინფორმაცია, რომელიც პოლიტიკურ პარტიებს ეხება.

ამ ინფორმაციის უარყოფის შესახებ NDI-ის თბილისის ოფისს განცხადება არ გაუვრცელებია.  

„ინტერპრესნიუსის“ ინფორმაციის თანახმად, რესპონდენტთა 47% აცხადებს, რომ ისინი მმართველ პარტიას მისცემდნენ ხმას ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ჩატარდეს; შემდეგ მოდის ივანიშვილის კოალიცია 10%–იანი მხარდაჭერით.

ქრისტიან–დემოკრატიულ მოძრაობას მხოლოდ 3%–იანი მხარდაჭერა აქვს და საარჩევნო ბარიერის გადასალახავად 2% აკლდება.

იგივე კვლევის თანახმად, რომელიც Civil.ge-სთვისაც გახდა ხელმისაწვდომი, რესპონდენტთა 23% ამბობს, რომ არ იცის ვის მისცემდა ხმას; 10%–მა უარი თქვა პასუხის გაცემაზე, ხოლო 5%–მა განაცხადა, რომ ისინი არცერთ პარტიას არ მისცემენ ხმას.

შეკითხვაზე „ამ ადამიანებიდან, რომელს ისურვებდით საქართველოს პრეზიდენტად“ რესპონდენტთა 29%–მა მმართველი პარტიის კანდიდატი აირჩია (რომელიც არ არის დაკონკრეტებული სიაში); შემდეგ მოდის ივანიშვილი 12 %–ით და ქრისტიან–დემოკრატიული მოძრაობის კანდიდატი, რომელიც ასევე არაა დაკონკრეტებული – 5%–ით.

კვლევა ქვეყნის მასშტაბით წარმომადგენლობითად შერჩეული 3 161  რესპოდენტის გამოკითხვის საფუძველზე ჩატარდა. მისი ცდომილების ზღვარი პლიუს/მინუს 3%–ია.

Back to top button