ახალი ამბები

პარტიების შესახებ სადავო კანონში ცვლილებები ინიცირებულია

მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ სადავო კანონში ცვლილებები პარლამენტის ბიუროს სხდომაზე ოფიციალურად 26 მარტს იქნა ინიცირებული.

ამ ცვლილებების ავტორები არიან სამოქალაქო კამპანიის „ეს შენ გეხება“ წევრი ორგანიზაციები: ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო, სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება და კოალიცია „არჩევნის თავისუფლებისათვის“, ხოლო ინიციატორია იურიდიული კომიტეტი.

კომიტეტის მიერ კანონპროექტის იმ ვარიანტის ინიცირება მოხდა, რომელიც „ეს შენ გეხებას“ წარმომადგენლებმა შეიმუშავეს და რომლის დებულებების ნაწილს მმართველი პარტიის დეპუტატები არ ეთანხმებიან.

ინიცირებულ ვარიანტში ტექსტობრივად არ არის ასახული ის შეთანხმებული პოზიციები, რომლებიც კამპანიის წარმომადგენლებსა და იურიდიულ კომიტეტს შორის მარტში მიმდინარე კონსულტაციების სამი რაუნდის შედეგად იქნა მიღწეული.

პავლე კუბლაშვილმა, იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ მმართველი პარტიიდან განაცხადა,  ეს შეთანხმებები ძალაში რჩება და მათი მიხედვით მოხდება ინიცირებული ტექსტის კორექტირება. თუმცა მან ასევე არ გამორიცხა გარკვეული დამატებითი შესწორებების შეტანა კანონპროექტში.

მისი თქმით, კანონპროექტის სასტარტო ტექსტი ხუთშაბათისთვის იქნება ხელმისაწვდომი, როცა ამ ინიციატივის პირველი მოსმენით განხილვაა დაგეგმილი იურიდიული კომიტეტის სხდომაზე. პლენარულ სხდომაზე კანონპროექტის განსახილველად გატანა პარასკევისთვის იგეგმება.

Back to top button