ახალი ამბები

სააკაშვილი სეულში ბირთვული უსაფრთხოების სამიტს ესწრება

26–27 მარტს პრეზიდენტი სააკაშვილი 50–ზე მეტი ქვეყნის ლიდერებთან ერთად სეულში ბირთვული უსაფრთხოების სამიტის მუშაობაში იღებს მონაწილეობას.

სამიტის ფარგლებში პრეზიდენტი სააკაშვილი სამხრეთ კორეის პრეზიდენტს, ლი მუნგ ბეკს შეხვდება, იტყობინება საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია.

მიხეილ სააკაშვილთან ერთად სეულში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე, თავდაცვის მინისტრი ბაჩო ახალაია და ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი ალექსანდრე ხეთაგური იმყოფებიან.

სეულის სამიტამდე, ჰანკუკის უნივერსიტეტში სიტყვით გამოსვლისას პრეზიდენტმა ობამამ საქართველო და მოლდოვა ახსენა და განაცხადა, რომ ამ ქვეყნებმა „კონტრაბანდისტებს გამდიდრებული ურანი ჩამოართვეს“. მან ასევე შეაქო უკრაინა, რომელმაც საკუთარი ტერიტორიიდან გამდიდრებული ურანის გატანის გადაწყვეტილება მიიღო.

ბირთვული უსაფრთხოების პირველი სამიტი ვაშინგტონში 2010 წლის აპრილში გაიმართა და მას პრეზიდენტი ობამა მასპინძლობდა. მიხეილ სააკაშვილმა ვაშინგტონის სამიტშიც მიიღო მონაწილეობა.

Back to top button