
სეპარატისტული სამხრეთ ოსეთის ცესკომ განმეორებითი არჩევნები ჩატარებულად გამოაცხადა
სეპარატისტული სამხრეთ ოსეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ განაცხადა, რომ კვირას გამართული განმეორებითი საპრეზიდენტო არჩევნები შედგა, ვინაიდან საარჩევნო უბნების დახურვამდე ორი საათით ადრე ამომრჩეველთა 54%–მა მისცა ხმა.
განმეორებით არჩევნებში ოთხი კანდიდატი იღებს მონაწილეობას: სეპარატისტული რეგიონის დიდი ხნის წარმომადგენელი მოსკოვში, დიმიტრი მედოევი; უშიშროების სამსახურის ყოფილი უფროსი, ლეონიდ თიბილოვი; სპეციალური წარმომადგენელი ადამიანის უფლებათა საკითხებში დავით სანაკოევი და კომუნისტური პარტიის ლიდერი სტანისლავ კოჩიევი.
ძირითადი კონკურენცია, სავარაუდოდ, მედოევსა და თიბილოვს შორის შედგება, ხოლო მეორე ტური იმ შემთხვევაში შეიძლება გაიმართოს, თუ პირველ ტურში ვერც ერთი კანდიდატი ვერ მიიღებს ხმების 50%–ზე მეტს.
თიბილოვის მხარდამჭერებმა უკვე გამოთქვეს ბრალდებები დარღვევების შესახებ და „ერთ–ერთი კანდიდატი“, სავარაუდოდ მათ მხედველობაში მედოევი ჰყავდათ, ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებასა და ამომრჩეველთა მოსყიდვაში დაადანაშაულეს.
სეპარატისტული რეგიონის ცენტრალური საარჩევნო კომისია, სავარაუდოდ, პირველ წინასწარ შედეგებს ორშაბათს გამოაქვეყნებს.