
სეპარატისტულ აფხაზეთში საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური იმართება
სეპარატისტული აფხაზეთის 35–წევრიან პარლამენტში 20 მანდატის მოსაპოვებლად დღეს მეორე ტური იმართება.
არჩევნების მეორე ტური იმ ერთმანდატიან ოლქებში იმართება, სადაც ვერც ერთმა კანდიდატმა ვერ მოახერხა 50%–ზე მეტი ხმების მოპოვება. სწორედ ხმების ეს რაოდენობაა საჭირო იმისათვის, რომ კანდიდატი პირველ ტურშივე გამარჯვებულად გამოცხადდეს.
საკანონმდებლო ორგანო მაჟორიტული სისტემით ირჩევა; აფხაზეთში პროპორციული სისტემით არჩევნები არ ტარდება.
10 მარტს გამართული საპარლამენტო არჩევნების დროს მხოლოდ 13–მა კანდიდატმა შეძლო გამარჯვებისთვის საკმარისი რაოდენობის ხმების მოპოვება.
ერთ ოლქში პირველი ტურის შედეგები კვლავ სადავო რჩება, ხოლო კიდევ ერთში – სოხუმის №1 საარჩევნო ოლქში განმეორებითი არჩევნები 6 მაისს გაიმართება, რადგანაც 10 მარტს იქ ამომრჩეველთა დაბალი აქტივობის გამო ვერ მოხერხდა 25%–იანი ბარიერის გადალახვა, რათა არჩევნები ჩატარებულად ჩათვლილიყო.
სეპარატისტული აფხაზეთის არჩევნებს არალეგიტიმურად მიიჩნევენ თბილისი და საერთაშორისო თანამეგობრობა, გარდა რუსეთისა და კიდევ რამდენიმე ქვეყნისა, რომელთაც რეგიონი აღიარეს.