
საქსტატი: 2011 წელს მშპ–ის რეალურმა ზრდამ 7% შეადგინა
"საქსტატის" წინასწარი მონაცემების თანახმად, რომელიც 20 მარტს გამოქვეყნდა, 2011 წლის მეოთხე კვარტალში მთლიანი შიდა პროდუქტის რეალურმა ზრდამ წინა წლის შესაბამისი პერიოდის მიმართ 8.8% შეადგინა; მთლიანი წლის მაჩვენებელმა მშპ–ის ზრდის კუთხით 7%–ი შეადგინა.
მაჩვენებელი მცირედით გაზრდილია იმ ციფრებისგან რომელიც „საქსტატმა“ იანვრის ბოლოს გამოაქვეყნა.
მრეწველობის და ვაჭრობის დარგებმა 2011 წელს ქვეყნის მშპ–ის ერთ მესამედზე მეტი შეადგინეს, თითოეულმა 17.3%.
2011 წელს ყველაზე მნიშვნელოვანი ზრდა აღინიშნებოდა საფინანსო საქმიანობაში – 24.3%; შემდეგ მოდის დამამუშავებელი მრეწველობა – 14.3%; ელექტროენერგიის, აირისა და წყლის წარმოება და განაწილება – 8.9%; სასტუმროები და რესტორნები – 8.4%; კავშირგაბმულობა – 8%. სამთომომპოვებით მრეწველობაში 6.5%–იანი კლება დაფიქსირდა.
სამწლიანი კლების შემდეგ, 2011 წელს სოფლის მეურნეობის სფეროში წინა წელთან შედარებით 5.5%–იანი ზრდა დაფიქსირდა, იტყობინება „საქსტატი“.