
მსოფლიო ბანკმა საქართველოსთვის 130 მილიონი აშშ დოლარის კრედიტი გამოყო
მსოფლიო ბანკმა საქართველოსთვის 130 მილიონი აშშ დოლარის საერთო მოცულობის ორი კრედიტი დაამტკიცა კახეთის რეგიონში ინფრასტრუქტურული განვითარების და გზების სარეაბილიტაციო პროექტების დასაფინანსებლად.
70 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის კრედიტი, რომელიც მსოფლიო ბანკის დირექტორთა საბჭომ 15 მარტს დაამტკიცა, ხოლო ხელშეკრულებას საქართველოს მთავრობასთან 22 მარტს მოეწერა ხელი, მომდევნო ორ წელიწადში, დაახლოებით, 225 კილომენტრი საერთო სიგრძის მეორადი და ადგილობრივი გზების 19 მონაკვეთის გაუმჯობესებას მოხმარდება.
მსოფლიო ბანკის ცნობით, ეს დაფინანსება მეორადი და ადგილობრივი გზების პროექტის ფარგლებში ხორციელდება, რომლის საერთო მოცულობაც 90 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს და რომლის ფარგლებშიც 650 კილომეტრი სიგრძის გზების რეაბილიტაცია განხორციელდა, იტყობინება .
20 მარტს მსოფლიო ბანკის დირექტორთა საბჭოს მიერ დამტკიცებული კიდევ ერთი კრედიტი, რომელიც 60 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს, მიზნად ისახავს "კახეთის რეგიონში ტურიზმსა და კულტურულ მემკვიდრეობაზე დამყარებული ეკონომიკის განვითარებისათვის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას და ინსტიტუციონალური შესაძლებლობების გაძლიერებას".