ახალი ამბები

აშშ–ის ელჩობის კანდიდატი: „აშშ საქართველოს M4 ტიპის ავტომატურ შაშხანებს მიყიდის“

აშშ–ის ელჩობის კანდიდატმა საქართველოში, რიჩარდ ნორლანდმა განაცხადა 21 მარტს აშშ–ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში მისი კანდიდატურის წარდგენასთან დაკავშირებულ მოსმენაზე, რომ ვაშინგტონმა M4 Carbine-ის ტიპის ავტომატური შაშხანების საქართველოსთვის მიყიდვის თაობაზე თანხმობა გასცა.

მოსმენის დროს ელჩობის კანდიდატს რესპუბლიკელმა სენატორმა ჯონ ბარასომ თავდაცვის სფეროში აშშ–საქართველოს თანამშრომლობის შესახებ ჰკითხა, კერძოდ კი აშშ-ის 2012 წლის თავდაცვის ავტორიზაციის აქტის ის ნაწილი ახსენა, რომელიც საქართველოსთან სამხედრო თანამშრომლობის „ნორმალიზაციისკენ“ მოუწოდებს.

„მე მტკიცედ მჯერა, რომ ჯანსაღი და მძლავრი ურთიერთობა სამხედრო სფეროში აშშ–საქართველოს ურთიერთობის ნაწილი უნდა იყოს“, – უპასუხა ნორლანდმა, „საბედნიეროდ, 30 იანვარს პრეზიდენტ ობასათან პრეზიდენტ სააკაშვილის შეხვედრის დროს ამ ურთიერთობამ მნიშვნელოვანი იმპულსი შეიძინა“.

„როგორც უკვე ვიხილეთ თანხმობა გაიცა ქართველების მიერ M4 Carbine-ის ტიპის ავტომატური შაშხანების შეძენის თაობაზე“, – განაცხადა მან, „მნიშვნელოვანი ყურადღება მიექცევა საქართველოს თავდაცვის სფეროში რეფორმების მხარდაჭერას, საქართველოს შესაძლებლობას მონაწილეობა მიიღოს ISAF-ის მისიაში და ნატოსთან თავსებადობას ამ კუთხით. ახლა, როდესაც ჩვენ აქ ვსაუბრობთ, აშშ–ის საზღვაო ქვეითები დღეს [21 მარტს] ასრულებენ Agile Spirit–ის სწავლებებს ქართველ სამხედროებთან ერთად, რომელიც ISAF-ის ოპერაციაში [საქართველოს მონაწილეობის] მხარდაჭერის ნაწილია“, – განაცხადა ნორლანდმა.

საქართველომ M4 Carbine ტიპის ავტომატური შაშხანები ამერიკისგან პირველად 2007 წლის ბოლოს შეიძინა, რომლის საჯაროდ წარდგენა 2008 წლის იანვარში მოხდა. 

იმავე საკომიტეტო მოსმენაზე საქართველოში აშშ–ის ელჩად წარდგენილმა კანდიდატმა ასევე განაცხადა, რომ  აშშ–ის თავდაცვის მდივნის თანაშემწის მოადგილე რუსეთის, უკრაინის და ევრაზიის საკითხებში, სელესტა ვოლანდერი საქართველოს თებერვალში სტუმრობდა, ხოლო საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე აშშ–ს აპრილში ეწვევა, რათა პრეზიდენტების დონეზე განხილულ საკითხებზე მუშაობა გაგრძელდეს.

„უსაფრთხოების და თავდაცვის სფეროში საქართველოსთან ძლიერი ორმხრივი თანამშრომლობის შენარჩუნება მნიშვნელოვან პრიორიტეტად დარჩება ჩემი დამტკიცების შემთხვევაშიც“, – განაცხადა მან.

„ჩვენი გეგმები უსაფრთხოების სფეროში საქართველოს დახმარების კუთხით გულისხმობს თავდაცვის სფეროში საქართველოს რეფორმების მხარდაჭერას, ქართული შეიარაღებული ძალების წვრთნას და აღჭურვას ISAF-ის მისიაში მონაწილეობისთვის და საქართველოს ნატოსთან თავსებადობის ხელშეწყობას", – ხაზი გაუსვა მან.  

ნორლანდის თქმით, იანვრის ბოლოს ვაშინგტონში გამართული შეხვედრის დროს პრეზიდენტი ობამა და პრეზიდენტი სააკაშვილი „შეთანხმდნენ გააფართოვონ ეს პროგრამები, განავითარონ საქართველოს სამხედრო მოდერნიზაციის რეფორმა და თავდაცვითი შესაძლებლობები“.

Back to top button