skip to content
ახალი ამბები

სეპარატისტული სამხრეთ ოსეთის პარლამენტმა გენერალური პროკურორი თანამდებობიდან გაათავისუფლა

სეპარატისტული სამხრეთ ოსეთის პარლამენტმა გენერალური პროკურორის თაიმურაზ ხუგაევის თანამდებობიდან გათავისუფლებას 21 მარტს დაუჭირა მხარი მას შემდეგ, რაც დეკემბერში პირველ მცდელობაზე ეს საკითხი ჩააგდო.

ხუგაევის თანამდებობიდან გათავისუფლება იმ შეთანხმების ნაწილი იყო, რომელმაც შემოდგომაზე სეპარატისტულ რეგიონში ჩატარებული არჩევნების გაბათილების შემდგომი კრიზისი და ორკვირიანი საპროტესტო აქციები დაასრულა. თუმცა დეკემბერში დეპუტატებმა მხარი არ დაუჭირეს ხუგაევის და მასთან ერთად უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის აცამაზ ბიჩენოვის გადაყენებას, რაც ასევე შეთანხმების ნაწილი იყო. ამ პუნქტის დარღვევამ პრეზიდენტობის ყოფილ ოპოზიციონერ კანდიდატს ალა ჯიოევას და დე ფაქტო ხელისუფლებას შორის ურთიერთობები კვლავ გაამწვავა – ჯიოევამ 10 თებერვალს საკუთარი ინაუგურაციის დღე დანიშნა, თუმცა ეს ცერემონია ვერ შედგა, რადგან ერთი დღით ადრე ოპოზიციის ლიდერი საავადმყოფოში მოხვდა მის შტაბბინაში სამართალდამცავების მონაწილეობით მომხდარი ინციდენტის შედეგად.

სავარაუდოდ, ამ ინციდენტით გამოწვეული დაძაბულობის შერბილების მიზნით სეპარატისტული რეგიონის ლიდერის მოვალეობის შემსრულებელმა ვადიმ ბროვცევმა პარლამენტს ხუგაევის გათავისუფლების თხოვნით თებერვალში ხელახლა მიმართა. დეპუტატებმა ეს თხოვნა, 25 მარტს სეპარატისტულ რეგიონში დაგეგმილი განმეორებითი საპრეზიდენტო არჩევნების წინ, დააკმაყოფილეს.

კვირას დაგეგმილ არჩევნებში ოთხი კანდიდატი იღებს მონაწილეობას.

მსგავსი/Related

Back to top button