
მედვედევმა სოხუმსა და ცხინვალში სპეციალური წარმომადგენლები დანიშნა
რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა სეპარატისტულ სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში სპეციალური წარმომადგენლები დანიშნა.
21 მარტის ბრძანებულებით, ცხინვალში რუსეთის პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენლად ჩრდილოეთ ოსეთის მეთაური, თეიმურაზ მამსუროვი დაინიშნა, ხოლო 16 მარტს აფხაზეთთან მიმართებაში ეს მისია კრასნოდარის მხარის გუბერნატორს ალექსანდრე ტკაჩოვს დაეკისრა, იტყობინება კრემლი.
სოხუმი მიესალმა კრასნოდარის მხარის გუბერნატორის დანიშვნას ახლად შემოღებულ პოსტზე. აფხაზეთის ლიდერმა ალექსანდრე ანქვაბმა განაცხადა, რომ ეს ახალ იმპულსს მისცემს აფხაზეთსა და რუსეთს შორის ახლო ურთიერთობებს.
კრასნოდარის მხარის გუბერნატორმა განაცხადა, რომ თავის ახალ რანგში ის ძალღონეს არ დაიშურებს „ჩვენი ხალხის კიდევ უფრო დაახლოებისთვის“ და მომავალში „ერთობლივი ეკონომიკური სივრცის“ შექმნისთვის.
ასევე 21 მარტს მედვედევმა რუსეთის ვიცე–პრემიერი დიმიტრი როგოზინი, რომელიც თავდაცვით მრეწველობას კურირებს, რუსეთის პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენლად დანიშნა დნესტრისპირეთში.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)