
პარლამენტმა მთავრობას ნდობა გამოუცხადა
პარლამენტმა მთავრობას და მის პროგრამას ნდობა დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე 101 ხმით 16 ხმის წინააღმდეგ გამოუცხადა.
მთავრობის შემადგენლობის ხელახლა დამტკიცების საკითხი დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც გასულ კვირას ჯანდაცვის ახალ მინისტრად ზურაბ ჭიაბერაშვილი დაინიშნა, რომელმაც ანდრია ურუშაძე შეცვალა.
პრემიერ–მინისტრ ნიკა გილაურის კაბინეტში სხვა საკადრო ცვლილება არ განხორციელებულა.
მთავრობისთვის ნდობის გამოცხადებამდე პარლამენტში სიტყვით ნიკა გილაური გამოვიდა და წარადგინა მთავრობის პროგრამა, რომელიც საპარლამენტო უმცირესობამ გააკრიტიკა. გილაურმა განაცხადა, რომ საქართველოს რეგიონის სხვა ქვეყნებს შორის ყველაზე სწრაფი ეკონომიკური ზრდა აქვს და ის „რეფორმების ექსპორტიორი“ ქვეყანა ხდება.
მისი თქმით, გასულ წელს საქართველოს საგარეო ვალი მშპ–ს 31%–ს შეადგენდა და წლის ბოლოსთვის ის 30%–ზე ნაკლები იქნება. მან ასევე განაცხადა, რომ მიმდინარე ანგარიშის 10%–იანი დეფიციტი ამჟამად ყველაზე პრობლემატური საკითხია და მთავარ მიზანს 2015 წლისთვის მისი განახევრება წარმოადგენს. სარეიტინგო სააგენტომ Fitch-მა განაცხადა დეკემბერში, რომ საქართველოს მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი, რომელმაც 2011 წელს მშპ–ს 11% შეადგინა, ქვეყნისთვის ”სუსტ მხარეს” წარმოადგენს და ის არ ელის ამ მაჩვენებლის დიდად შემცირებას.