
ზურაბ ჭიაბერაშვილმა ჯანდაცვის მინისტრის პოსტზე ანდრია ურუშაძე შეცვალა
შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრად ზურაბ ჭიაბერაშვილი, შვეიცარიის კონფედერაციაში საქართველოს ელჩი დაინიშნა და ამ თანამდებობაზე ანდრია ურუშაძე შეცვალა.
აღნიშნული საკადრო ცვლილება პარლამენტში მინისტრთა კაბინეტისთვის ნდობის ხელახლა გამოცხადებას საჭიროებს, ვინაიდან მინისტრების 1/3 შეიცვალა 2010 წლის ივლისში პარლამენტში მთავრობის ბოლო დამტკიცების შემდეგ. ჭიაბერაშვილი უკვე მეშვიდე მინისტრია, რომელიც ბოლო წელიწად ნახევარში, მინისტრთა კაბინეტში თანამდებობაზე დაინიშნა.
პრემიერ–მინისტრმა ნიკა გილაურმა 15 მარტს ურუშაძეს მადლობა გადაუხადა 2010 წლის სექტემბრიდან ჯანდაცვის უწყებაში გაწეული მუშაობისთვის და განაცხადა, ის ჯანდაცვისა და სოციალური საკითხებში თბილისის მერის მოადგილედ დაინიშნება.
გილაურის თქმით, ახალი მინისტრის „მთავარი ფუნქცია იქნება სოციალური რეფორმა“ და ჯანდაცვის სისტემაში „დაწყებული რეფორმის ბოლომდე მიყვანა“. მისი თქმით, ჰოსპიტალური სექტორის პროექტის ფარგლებში უკვე გაიხსნა 90 ახალი საავადმყოფო და წელს დამატებით 60 ასეთი სამედიცინო ცენტრის ამოქმედება იგეგმება.
ჭიაბერაშვილმა განაცხადა, რომ მისი მთავარი ამოცანა იქნება, რომ თითოეულმა მოქალაქემ საკუთარ თავზე იგრძნოს ქვეყანაში არსებული ეკონომიკური ზრდის შედეგები.
2010 წლის ბოლოს შვეიცარიაში ელჩად დამტკიცებამდე ზურაბ ჭიაბერაშვილი საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი იყო ევროპის საბჭოში. 2005 წლის ივლისამდე ჭიაბერაშვილი 15 თვის განმავლობაში თბილისის მერი იყო, ხოლო მანამდე, „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას ედგა სათავეში.