
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოს ეწვევა
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი გიდო ვესტერველე 15 მარტს თბილისს ეწვევა სამხრეთ კავკასიური ტურნეს ფარგლებში, რომლის დროსაც სამი ქვეყნის ხელმძღვანელობასთან ის ევროკავშირთან თანამშრომლობის საკითხებს, რეგიონალურ კონფლიქტებს, ეკონომიკურ და ენერგეტიკის საკითხებში ორმხრივ თანამშრომლობას და ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით არსებულ ვითარებას განიხილავს, განაცხადა გერმანიის საგარეო უწყებამ.
ვესტერველე, რომელიც თბილისში ბაქოდან ჩამოვა და შემდეგ ერევანში გაემგზავრება, პრეზიდენტ სააკაშვილს, საგარეო საქმეთა მინისტრ გრიგოლ ვაშაძეს და ექს–პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძეს შეხვდება.
თბილისში გერმანიის საელჩოს ინფორმაციით, ვიზიტის დროს გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ასევე შეხვდება სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს და ასევე დაგეგმილია მისი სიტყვით გამოსვლა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ევროკავშირსა და სამხრეთ კავკასიის ქვეყნებს შორის ურთიერთობების თემაზე.